ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ, მუნდიალზე ჩვენს მეტოქეებს გაუჭირდებათ

ლიონელ მესიმ ისაუბრა იმ ემოციებზე, რომლებსაც თავისი რიგით მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის წინ განიცდის.

- რას გრძნობთ მორიგი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში?

„სიმართლე გითხრათ, ბედნიერი და მშვიდი ვარ, ვტკბები თითოეული მომენტით, თითოეული ვარჯიშითა და თანაგუნდელებთან ერთად გატარებული ყოველი დღით. უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, ამით ისეთივე სიამოვნება მივიღო, როგორც ადრე, ახლა კი - კიდევ უფრო მეტიც. ასე რომ, ბედნიერი ვარ“.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ვერ წარმოგედგინათ ეს მომენტი, ფიქრობდით, რომ აქამდე ვერ მიხვიდოდით. თქვენი აზრით, რატომ გამოგივიდათ ეს?

„დრომ ძალიან სწრაფად ჩაიფრინა, მქონდა კონკურენცია და თავს კარგად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ მაიამიში“ ვთამაშობ, შეჯიბრება და ძალისხმევის ჩადება არასდროს შემიწყვეტია. კარგადაც მოვემზადე, რათა საუკეთესო ფორმისთვის მიმეღწია. ისე მოხდა, რომ კონკურენცია არასდროს შემიწყვეტია, ნაკრების მატჩების უმეტესობაში თამაში შევძელი და რადგან გუნდი ყოველთვის ძლიერი იყო, გამიმართლა, რომ ისევ აქ აღმოვჩნდი“.

- რა იმედებს ამყარებთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

„ჩვენ იგივე მღელვარებას განვიცდით, რაც ყოველთვის ახლავს თითოეული ოფიციალური ტურნირის დაწყებას, მით უმეტეს, თუ ეს მსოფლიო ჩემპიონატია. მგონია, რომ ხალხი ნაკრებით აღფრთოვანებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბევრ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და დავინახეთ, რომ გუნდმა შეინარჩუნა იგივე ენერგია, ენთუზიაზმი და შეჯიბრის სურვილი. ჩვენ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, რომელსაც ყოველთვის მეტი სურს, მარტივად არ ნებდება და ჩვენ ვიბრძოლებთ“.

- რისი თქმა შეგიძლიათ მთელ ქვეყანაში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვალს მოგადევნებენ?

„ჩვენ ვიზიარებთ მათ ენთუზიაზმს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ეს გუნდი უკვე მრავალი წელია ამტკიცებს თავის კონკურენტუნარიანობას. ჩვენს მეტოქეებს არგენტინის წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი, შეკრული გუნდი გვყავს, რომელშიც ენთუზიაზმი არ ნელდება. შეიძლება გამოგვივიდეს, შეიძლება არა, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბოლომდე დავიხარჯებით“. - განაცხადა მესიმ“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მუნდიალზე თავის პირველ შეხვედრას 17 ივნისს (05:00) ალჟირის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები