გუნდს ვერ ვხედავ, მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს | გუცაევი ნაკრებზე
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა UG Art პოდკასტში სტუმრობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოს ნაკრები იმ დონეზე დაბრუნდა, სადაც 3 და 4 წლის წინ იყო.
ვლადიმერ გუცაევი: „ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ევრო 2024-ზე თითქოს საქართველო საფეხბურთო რუკაზე გამოჩნდა, ევროპულ საფეხბურთო რუკაზე მაინც, მაგრამ მას შემდეგ ჩვენი თამაში წარუმატებელია.
მოდის სექტემბრის ოფიციალური თამაშები, მე პირადად გუნდს ვერ ვხედავ. რა არის გუნდი? გულშემატკივარი თუ საფეხბურთო სპეციალისტი ღამე რომ გააღვიძონ, სასტარტო შემადგენლობის 9 ფეხბურთელი უნდა თქვას. საქართველოს ნაკრები იმ მომენტამდე დაბრუნდა, სადაც 3-4 წლის წინ იყო.
ერთადერთი მაგარი ფეხბურთელი, ვისაც დღეს ვხედავთ, ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ ერთი ფეხბურთელით ვერაფერს იზამ. მის გარდა კიდევ 2-3 კარგი ფეხბურთელი გყავს, მაგრამ 3 და 4 ფეხბურთელი გუნდს არ შველის. მინიმუმ 8 ძლიერი ფეხბურთელია საჭირო და შეიძლება 3 საშუალო დონის ფეხბურთელი „აიტანოს’’.ეგრეა, წესი ეგრეა. ჩვენი დროის დინამო თბილისი რომ ავიღოთ, 9 ფეხბურთელი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა თავისი ოსტატობით და თავისი ყველაფრით. იმ გუნდში 2-3 კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შედარებით ნაკლები დონის იყო. გუნდი „იტანდა’’, დანარჩენი ფეხბურთელები „ქაჩავდნენ’’ ამ სამ ფეხბურთელს. თუ ეს გუნდში არ ხდება, კარგად გუნდად ვერ ჩავთვლით’’.
2024 წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა. თუმცა, ამავე წლის ზაფხულის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს წარუმატებელი პერიოდი დაეწყო: ერთა ლიგის B დივიზიონის ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ჩეხეთსა და უკრაინას ჩამორჩა და, ბოლოადგილოსანი ალბანეთის მსგავსად 7 ქულა დააგროვა. 2025 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ნაკრებმა ესპანეთსა და თურქეთთან შეხვედრები დათმო და, აუტსაიდერ ბულგარეთის მსგავსად მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.
ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებთან დაკავშირებით იხილეთ ცრუ ცხრიანის ეპიზოდი