ხვიჩა კვარაცხელია, ფლორენტინო პერესი, ჟოზე მოურინიო, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„მოურინიოს ხვიჩა ძალიან მოსწონს“ - ფრანგული გამოცემა კვარსა და რეალზე

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტად ხელახლა არჩეული ფლორენტინო პერესი ხმაურიან ტრანსფერებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

79 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა პრეზიდენტმა უკვე დაასრულა ჟოზე მოურინიოს, დენზელ დუმფრისისა და იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერები. ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ სოსიოსები, რომლებმაც ხმა ფლორენტინო პერესს მისცეს, ახლა უფრო ხმაურიან სახელს ელიან, მით უმეტეს, რომ ხელახლა არჩეულმა პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დროს 150 მილიონ ევროდ ღირებული ვარსკვლავის მოყვანის პირობა დადო.

ესპანურმა პრესამ სწრაფად გაამჟღავნა პერესის მიერ სამიზნეში ამოღებული ფეხბურთელის ვინაობა: მაიკლ ოლისე.

თუმცა, მიუნხენის „ბაიერნი“ ოლისესთან განშორებას არ გეგმავს და ამ საკითხზე დაფიქრებას წამითაც არ აპირებენ.

ოლისეს გვერდით გაჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას სახელი, რომლითაც „რეალი“ ინტერესდება. რა შანსებია, რომ ეს გარიგება შედგეს? ამის შესახებ ფრანგული foot01 წერს:

„ბოლო დღეებში მადრიდის „რეალთან“ მიმართებით ხვიჩა კვარაცხელიას სახელმაც გაიჟღერა. პსჟ-ს შეუძლია ეშინოდეს „სამეფო კლუბის“ მხრიდან ქართველი ფეხბურთელის თაობაზე არსებული ინტერესის. და ამის მიზეზიც არსებობს: ბრიტანული გამოცემა TeamTalk ადასტურებს გასული შაბათ-კვირის ჭორებს და ამხელს, რომ ამ ზაფხულს მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა.

წელიწადნახევრის წინ „ნაპოლიდან“ პსჟ-ში 80 მილიონ ევროდ გადასულმა 25 წლის მარცხენა გარემარბმა საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ ყველაფერი მოიგო. მისი, როგორც ულტრა-ეფექტური გარემარბის პროფილი, რომელიც დიდ მატჩებში ყოველთვის ბრწყინვალეა და ამასთანავე შეუძლია დიდი ძალისხმევა ჩადოს დაცვაშიც, ძალიან მოსწონს ჟოზე მოურინიოს, რომელმაც ეს ვარიანტი ხელმძღვანელობასთან დაუყოვნებლივ დაადასტურა. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ დასარწმუნებლად, რომ ხვიჩა კვარაცხელია დათმოს, ნამდვილი მიწისძვრა იქნება საჭირო.

Transfermarkt-ის მიერ 140 მილიონ ევროდ შეფასებული ყოფილი ნეაპოლელი ლუის კამპუშისა და ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელია. მათ იციან, რამდენად შეუცვლელია „კვარა“ გუნდისთვის. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება მის წასვლას ხელი შეუწყოს, იქნება თავად კვარაცხელიას შესაძლო სურვილი მადრიდის „რეალის“ შეთავაზების შემთხვევაში, რაც ჯერ არ თქმულა. პარიზელი გულშემატკივრები ყურადღებით დააკვირდებიან ამ საქმეს და თითებს გადააჯვარედინებენ, რათა მათი ახალი ფავორიტი კიდევ ერთი სეზონით მაინც დარჩეს „პარკ დე პრენსზე“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას პარიზელებთან ხელშეკრულება 2029 წლამდე აქვს გაფორმებული. კილიან მბაპესთან კონფლიქტურად განშორების შემდეგ, „რეალს“ პარიზიდან კიდევ ერთი ლიდერის წაყვანა ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები