სპორტინგი ექვს ფეხბურთელს უშვებს | ქოჩორაშვილი ერთ-ერთი მათგანია
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ზაფხულში სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება. „ლომები“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებენ და Record-ის ინფორმაციით მათ შორის ქართველი ნახევარმცველიცაა.
„ქოჩორაშვილმა და ფაიემ შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს. ისინი რუი ბორჟესის სამომავლო გეგმების ნაწილი არ არიან,“ — წერს პორტუგალიური გამოცემა.
ქოჩორაშვილს ბოლო პერიოდში რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. სხვადასხვა დროს „ლევანტეზე“, „რაიოზე“, „ჟირონასა“ და „ხეტაფეზე“ დაიწერა. A Bola-ს ცნობით, დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით წავა ან „ლომები“ მას გაყიდიან. გიორგი ლა ლიგა 2-ის წარმომადგენლების რადარებზეცაა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მეორე დივიზიონში გადასვლა მოისურვოს.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ სადებიუტო სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ლომებმა“ ქართველ ნახევარმცველში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი.