ზურიკო პასიური იყო | სენტ-ეტიენის უგოლო ფრე ფლეი-ოფის ფინალში
საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ფლეი-ოფის ფინალში ნიცას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი სენტ-ეტიენმა საკუთარ კედლებში გამართა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. საპასუხო მატჩი ნიცას სტადიონზე 29 მაისს გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს.
დღეს ზურიკომ სენტ-ეტიენის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მუდმივად მოძრაობა, ბევრს იბრძოდა, თუმცა შეტევაში საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდა, მხოლოდ ორი ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება, პირველ ტაიმში კარგი პასით შეტევა გაამწვავა, მეორე ტაიმში დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. მატჩის მიწურულს ზურიკო ფეხმა შეაწუხა, ექიმი მის დასახმარებლად მოედანზე გამოვიდა. მალევე, პირველ დამატებულ წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის გადაწყვეტილებით, ზურიკო ლიგა 2-ის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2025-26 წლების ლიგა 2-ის რეგულარულ ჩემპიონატში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან გაუტანა.
სეზონის მიწურულს სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ ზურიკოზე ისაუბრა: „ჩვენ ის ძალიან მოგვწონს როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი ჯილდოა. იმედი მაქვს, მისთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება. უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამასთან ერთად და უპირველეს ყოვლისა, მას შრომის მიმართ გამორჩეული მენტალიტეტი აქვს. ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა მისი ამბავი. რა მაოცებს მასში ყველაზე მეტად? მისი სტაბილურობა მოედანზე. ვიცოდი, რომ ნიჭი ჰქონდა და თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ის უკიდურესად სტაბილური აღმოჩნდა და სწორედ ეს არის ყველაზე რთული. სხვათა შორის, ხშირად სწორედ ეს განასხვავებს უბრალოდ კარგ ფეხბურთელებს ძალიან კარგი ფეხბურთელებისგან.“