კარგი თამაში დაუფასდა | მაისურაძე უკრაინაში ტურის სიმბოლურში მოხვდა
უკრაინის პრემიერლიგის დასკვნით ტურში გიორგი მაისურაძის „პოლისიამ“ „რუხი“ 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და საგოლე პასიც მიითვალა.
ქართველ მცველს კარგი თამაში დაუფასდა და 33 უკრაინელი ჟურნალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მაისურაძის გარდა, ტოპ 11-ში „პოლისიას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი — ედუარდ სარაპი მოხვდა. მაისურაძე ტურის სიმბოლურში ამ სეზონში მეორედ მოხვდა.
სეზონის პირველ ნახევარში პოლისიას მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი მაისურაძეს არ ენდობოდა, თუმცა ზამთრის შეკრების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონატში 14-დან 11 მატჩში ათამაშა, 11-დან 7-ში 45 წუთი ან მეტი დრო გაატარა მინდორზე, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.
ცნობისთვის, „პოლისიამ“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს - ჟიტომირული გუნდი გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
