ქოჩორაშვილს არ უთამაშია - სპორტინგმა თასის ფინალი წააგო
გიორგი ქოჩორაშვილისთვის წლევანდელი სეზონი, რომელიც ალბათ მის კარიერაში ყველაზე რთული და დიდი იმედგაცრუების მომტანი იყო, დასრულებულია. დასრულდა ისე, როგორც დაიწყო, რადგან „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა ქართველი ნახევარმცველის სამსახურზე ამჯერადაც უარი თქვა - მისი მომზადებული გუნდი კი პორტუგალიის თასის ფინალში ქვედა ლიგის წარმომადგენელ „ტორენსესთან“ დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და ლისაბონელებმა სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.
„არწივები“ თავიდანვე არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მე-4 წუთზე მალელმა კევინ ზოჰიმ აუტსაიდერად შერაცხული ქვედა ლიგელი დააწინაურა. მეორე ნახევრის დასაწყისში ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა მეტის გაკეთება „სპორტინგმა“ ვეღარ შეძლო და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც დედაქალაქელები ურუგვაელმა მაქსიმილიანო არაუხომ დააღალატა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო, ხოლო დანიშნული პენალტით კაპე ვერდელმა სტოპირამ „ტორენსეს“ არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოუტანა.
ცნობისათვის, „ტორენსესთვის“ სეზონი არ დასრულებულა და ეს გუნდი 28 მაისს პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მეთექვსმეტეადგილოსან „კასა პიას“ შეხვდება და წარმატების შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში აღზევდება.