ბრწყინვალე დაბრუნება - ოჩხიკიძის ოქროს მედალი
ტრავმით გამოწვეული საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიგა ოჩხიკიძე სპორტულ ასპარეზს ღირსეულად და ისე შთამბეჭდავად დაუბრუნდა, როგორც მისი დონის ათლეტს შეეფერება. ქართველი პარამძლეოსანი, რომელიც 2024 წლის პარიზის პარალიმპიური ჩემპიონი გახდა, ნოტვილის გრან პრის გამარჯვებული გახდა.
შვეიცარიაში გამართულ ბირთვის კვრის შეჯიბრებაში გიგამ 7.41 მეტრის დისტანციაზე ტყორცნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირზე თითქმის ყველა ძლიერი პარამძლეოსანი და ოჩხიკიძეს უშუალო კონკურენტებიც ასპარეზობდნენ, თუმცა ამან ქართველ პარაათლეტს მორიგ ტრიუმფში ხელი ვერ შეუშალა.
ცნობისათვის, 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე გიგა ოჩხიკიძის ოქროს მედალი მისმა მაროკოელმა და პოლონელმა კონკურენტებმა გაასაჩივრეს, რის გამოც რამდენიმე საათით ქართველის გამარჯვება ანულირებული იყო, თუმცა საბოლოოდ სამართალმა იზეიმა და ოჩხიკიძეს დამსახურებული ჩემპიონობა აღიდგინეს.