„ხარისხი დაგვაკლდა, მუშაობას განვაგრძობთ“ - ქეცბაიას და შუსტერის კომენტარები
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურმა შეხვედრა „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის გაცემული ავანსები ასი პროცენტით გაამართლა. ქუთაისელებმა ფელიპე პირესის გოლით 1:0 მოიგეს, თემურ ქეცბაიას წაუგებელი სვლა შეწყვიტეს და თავად განაგრძობენ დაუმარცხებელ სერიას. თუმცა, საბოლოო შედეგზე და თამაშის ხარისხზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ის არაჩვეულებრივი საფეხბურთო ატმოსფერო, რაც „დინამო არენაზე“ სუფევდა და დედაქალაქის კვალობაზე თამაშს უჩვეულოდ და სასიამოვნოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. საინტერესო იყო ასევე არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელების კომენტარები.
თემურ ქეცბაია
მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, გოლის გატანა ვერ შევძელით. ვიცოდი სად მოვდიოდი, ვიცი რა არის საჭირო რომ ამ გუნდს ჰქონდეს. გოლისთვის აუცილებელია კარგი ბოლო პასი, ბოლო დარტყმა - ჩვენ კი დღეს არც ერთი ეს კომპონენტი არ გვქონდა. ვიტყოდი, რომ დაგვაკლდა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ხარისხი. რა თქმა უნდა, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ დავმარცხდით და მუშაობას ვაგრძელებთ.
დირკ შუსტერი
ორი ძლიერი კლუბი ასპარეზობდა და ორივე მხრიდან იგრძნობოდა ინტენსიური თამაში. იყო გარკვეული სიტუაციები, სადაც აშკარად გაგვიმართლა, თუმცა საბოლოო ჯამში გოლი გავიტანეთ და უპირატესობა წარმატებით შევინარჩუნეთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ის არაჩვეულებრივი ატმოსფერო და კარგი საფეხბურთო გარემო, რომელიც სტადიონზე სუფევდა. იმედია „ტორპედოს“ საშინაო მატჩებზეც კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი ივლის.
ცნობისათვის, ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ „იბერიასთან“ ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს თამაშით ნაკლები აქვს გამართული. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მომდევნო ტურში ქუთაისელები „გაგრას“ უმასპინძლებენ, „დინამო თბილისი“ კი სტუმრად ტყიბულის „მეშახტესთან“ ითამაშებს.