სიტი და მარესკა სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ - რომანო
ენცო მარესკამ და „მანჩესტერ სიტიმ“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, იტალიელი სპეციალისტი „ქალაქელების“ სათავეში პეპ გუარდიოლას შეცვლის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს.
მისი ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა ყოველთვის განიხილავდა მარესკას როგორც პეპ გუარდიოლას იდეალურ შემცვლელს.
„შეთანხმება მიღწეულია, მარესკა „სიტისთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მალე ახალი ერა დაიწყება“, - წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლების სეზონში ენცო მარესკა გუარდიოლას ასისტენტად მუშაობდა, 2023 წლის ივნისში კი „ლესტერი“ ჩაიბარა. მარესკამ „მელიებთან“ ერთად ჩემპიონშიპი მოიგო და გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნა, თუმცა იმავე ზაფხულში ლონდონის „ჩელსი“ ჩაიბარა. „ლურჯებს“ მარესკამ 92 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 55 მოიგო, 21 წააგო და 16 ფრედ დაასრულა. „ჩელსისთან“ ერთად კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მან თანამდებობა 2026 წლის იანვარში დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეპ გუარდიოლა „სიტის“ კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დატოვებს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.