ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

მენტალიტეტი, მაინცთან მატჩი, კვარა და ბაიერნთან დუბლი | ბუდუს ინტერვიუ

„ჰაიდენჰაიმის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ, ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ზივზივაძემ „მაინცთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე, „ბაიერნთან“ გამართულ მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

შეკითხვა: „რამდენიმე კვირის წინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ „ჰაიდენჰაიმი“ პრაქტიკულად გავარდნილი გახლდათ, მაგრამ კარგი შედეგების წყალობით შეგიძლიათ პლეიაუტში ითამაშოთ. როგორ შემოაბრუნეთ მდგომარეობა?“

„კვირიდან კვირამდე პოზიტიურად ვფიქრობდით. კონცენტრირებულები ვართ ჩვენს მატჩებზე, ჩვენს შეხვედრებში გამარჯვებაზე, თითოეული ბრძოლის მოგებაზე და, ვფიქრობ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჯერ არ გავვარდნილვართ და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ვინარჩუნებთ“.

შეკითხვა: „რას ელოდები, შენი გუნდი „მაინცთან“ აუცილებლად მოსაგებ მატჩს როგორ შეხვდება?“

„ისევე, როგორც ჩვენს ბოლო რამდენიმე შეხვედრაში — ვიქნებით როგორც ერთი გუნდი, მაქსიმალურად კონცენტრირებული, ფოკუსირებული და თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე მებრძოლი. ამ მხრივ ბოლო თამაშებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით, განსაკუთრებით — „კიოლნთან“ დაპირისპირებაში. კარგი შეხვედრა იყო, გუნდმა კარგი გამოსვლა აჩვენა და იმედი მაქვს, შაბათსაც იგივე მოხდება. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, რადგან ისინი ყოველთვის ფოკუსირებულები არიან და ბოლომდე იბრძვიან. დარწმუნებული ვარ, „მაინცთანაც“ ასე იქნება“.

შეკითხვა: „გუნდის მებრძოლი მენტალიტეტი ბოლო კვირებში ძალიან კარგად ჩანს. საიდან მოდის ეს?“

„ჩემს აქ გადმოსვლამდეც ჩანდა, რომ „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელები არასდროს ნებდებოდნენ. ეს მათგან ვისწავლე. ასეთი მენტალიტეტი აქამდეც მქონდა, მაგრამ ახლა უფრო დიდი დოზით მაქვს. ვფიქრობ, ეს მთავარი მწვრთნელისგანაც მოდის. მას ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის. მნიშვნელობა არ აქვს, „ბაიერნის“, „ლევერკუზენის“ თუ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ვთამაშობთ, მას ყოველთვის მოგება სურს და ეს ჩვენი მენტალიტეტია. ჩემს წინა კლუბებში მსგავსი მენტალიტეტი არსად მინახავს“.

შეკითხვა: „რამდენად განსაკუთრებული იყო „ბაიერნის“ კარში გატანილი დუბლი მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მაინც გაგითანაბრეს?“

„დაუჯერებელი იყო, რადგან როდესაც ბავშვი ვიყავი, დიდი კლუბების წინააღმდეგ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „ალიანც არენაზე“ ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ორ გოლს გავიტანდი. დაუჯერებელი და საოცარი შეგრძნებაა. მგონი, ნახეთ, მეორე გოლი როგორ აღვნიშნე. უდიდესი დღე იყო, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ. საქართველოდან სპეციალურად ჩამოფრინდნენ. მათ თვალწინ დუბლის შესრულება საოცარი შეგრძნება იყო“.

შეკითხვა: „მაინცთან“ შეხვედრა შენი კარიერის უდიდესი მატჩია?“

„ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის მატჩი ჩავატარე. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან როდესაც შენი ქვეყნის ღირსებას იცავ, ეს განსაკუთრებული და უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა „მაინცთან“ მატჩიც ძალიან ახლოსაა, რადგან გადამწყვეტია კლუბისთვის, ქალაქისთვის და ყველასთვის. ვფიქრობ, ფეხბურთელებს ეს კარგად ესმით და მზად ვართ“.

შეკითხვა: „შეიძლება შენს თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გკითხოთ? „კვარამ“ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა“.

„ორივე ნახევარფინალში მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ფინალში მას წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრმა ფეხბურთელმა, მათ შორის მეც, მას შემდეგ იწამა საკუთარი ძალების, რაც დავინახეთ, რომ ბიჭს ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ასეთ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და გავიფიქრეთ: „რატომაც არა მე?““

შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმისა“ და „მაინცის“ დაპირისპირება 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 17:30-ზე დაიწყება. „ჰაიდენჰაიმს“, „ვოლფსბურგსა“ და „ზანქტ-პაულის“ 26-26 ქულა აქვთ. „ვოლფსბურგი“ და „ზანქტ-პაული“ ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უნაკლო და ფანტასტიკურია - მან იცის რომ ლიგა 1-ში იგივე არ სჭირდება“
„კვარა უნაკლო და ფანტასტიკურია - მან იცის რომ ლიგა 1-ში იგივე არ სჭირდება“