„მეცოდება, დიქტატურისკენ მიექანება“ - რეალის ყოფილი პრეზიდენტი პერესზე
„რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა მადრიდული კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ფლორენტინო პერესის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა.
– რას ფიქრობთ ფლორენტინოს პრესკონფერენციაზე?
„გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს წარუმატებელი გამოსვლა იყო. დროდადრო ცოტა მეცოდებოდა კიდეც. მე მას კარგად ვიცნობ. ეს „რეალის“ პრეზიდენტისთვის კლუბის ისტორიის ამ მომენტში ძალიან შეუფერებელი ჩარევა იყო. ვფიქრობ, გულშემატკივრები სხვა რამეს ელოდნენ.
მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნებოდა განეცხადებინა, რომ არჩევნების დანიშვნას აპირებს, რათა ენახა, დაუჭერენ თუ არა მხარს სოსიოსები, რადგან სიმართლეა ის, რომ ზოგიერთი რამ არასწორად გაკეთდა. და არც არაფერი მოხდებოდა.
მაგრამ მან მთელი საათი დახარჯა ყველას და პრესის დადანაშაულებაში, ყოველგვარი თვითკრიტიკის გარეშე, დაუსრულებლად საუბრობდა ისეთ რამეებზე, რაც არავის აინტერესებს, მაგალითად, ABC-ის გამოწერის გაუქმების გადაწყვეტილებაზე.
მე მხარს ვუჭერდი მას, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყრიდა კენჭს, მისი გამგეობის წევრი ვიყავი. მან კლუბისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ბოლო წლებში ის ავტორიტარიზმისკენ მიმავალ ძალიან სახიფათო გზას დაადგა და დიქტატურისკენ მიექანება. მან გამახსენა ის დიქტატორები, რომლებიც, როდესაც მათ აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ ქვეყანა საფრთხეშია.
ის „რეალს“ საკუთარ თავთან აიგივებს. საჯაროდ გამოსვლისას ყველას შეგვიძლია შეცდომის დაშვება და სწორედ ეს დაემართა მას. ვვარაუდობ, რომ მოგვიანებით თავის ნათქვამს თუ წაიკითხავს, ამას მიხვდება, და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო არიან, ცოტათი შერცხვათ, ისევე როგორც მე, რადგან მათ ვიცნობ".
– თქვა კალდერონმა.