რეკორდული შემოსავალი ტრანსფერებიდან | ლონგო დილას დაემშვიდობა
იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო საფეხბურთო კლუბ გორის დილას აღარ გაწვრთნის. ლონგომ დილას ინსტაგრამში დაწერილი პოსტით დაემშვიდობა.
„ორი ტიტული — ბოლო გამარჯვებიდან ათი წლის შემდეგ და პირველი მოქმედი მფლობელების ისტორიაში.
მეორე ადგილი — საუკეთესო შედეგი ბოლო ათწლეულში.
რეკორდული შემოსავალი მოთამაშეების ტრანსფერებიდან, თუმცა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს მიღწევები, ისინი სრულად ვერ გადმოსცემენ განვლილი გამოცდილების ფასეულობას და იმ უდიდეს პრივილეგიას, რაც მოედანზე თუ მის მიღმა არაჩვეულებრივი ბიჭებისგან შემდგარი გუნდის წვრთნას ახლდა.
გულწრფელი მადლობა მფლობელებს გასულ წელს გამოცხადებული ნდობისა და მოცემული შესაძლებლობისთვის, ასევე მთელ პერსონალს, რომლებთან ერთადაც გავიარე ეს ინტენსიური გზა, სავსე შრომით, თავგანწირვითა და კმაყოფილებით.
ყველას საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში''.
ლონგო დილას 2025 წლის ივნისიდან წვრთნიდა, მას შემდეგ დილამ 38-დან 26 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 9 დათმო. ლონგოს მწვრთნელობისას დილამ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, ჩემპიონობისთვის ბრძოლა იბერიასთან კონკურენციაში დათმო, გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა.
მიმდინარე სეზონში დილამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 11-დან 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 5 დათმო. ქულებით ტორპედოსთან ერთად მესამე ადგილს იყოფს, ლიდერ იბერიასთან 7-ქულიანი სხვაობაა, რაც ცხადია მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდისთვის წარმატებად არ მიიჩნევა.