ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკომ შესაძლოა ამიენთან ითამაშოს | სენტ-ეტიენის უმნიშვნელოვანესი მატჩი

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ამიენს“ ხვდება. „მწვანეები“ უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვიან და გავარდნილ „ამიენთან“ სამი ქულის აღება ესაჭიროებათ. ზურიკოს გუნდი საკუთარ კედლებში ითამაშებს და არის შანსი, მატჩში მონაწილეობა დავითაშვილმაც მიიღოს.

„სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული გამოცემა Peuple Vert-ის მიხედვით, მიმდინარე კვირაში გამართულ ვარჯიშებზე ქართველი შემტევის კონდიციებს აქტიურად დააკვირდებიან. შესაძლოა, დავითაშვილმა „ამიენთან“ სათამაშო დრო მიიღოს. საბოლოო არჩევანს „მწვანეების“ მთავარი მწვრთნელი, ფილიპ მონტანიე, გააკეთებს.

„სენტ-ეტიენს“ 57 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლე მანს“ 2 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში „ლე მანი“ სტუმრად „ბასტიას“ ეთამაშება, რომელიც ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. თუ „ლე მანმა“ ქულები დაკარგა და „სენტ-ეტიენმა“ გაიმარჯვა, „მწვანეები“ საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ლიგა 2-ში უპირატესობა ბურთების სხვაობას ენიჭება. „სენტ-ეტიენს“ +16 აქვს, „ლე მანს“ — +17, თუმცა „მწვანეებს“ 54 გოლი აქვთ გატანილი და ერთბურთიანი გამარჯვებაც აწყობთ, რადგან „ლე მანის“ ანგარიშზე 48 გოლია და თანაბარი სხვაობის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი გატანილი გოლების რაოდენობაა.

„ლე მანის“ გარდა, „რედ სტარის“ ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც ასევე 57 ქულა აქვს. „ამიენთან“ ქულების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია, „სენტ-ეტიენმა“ მესამე ადგილი დაკარგოს და მიზნის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოუწიოს — ნახევარფინალი, ფინალი და შემდეგ პლეიაუტის მატჩი ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან, რომელიც სავარაუდოდ „ოსერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით“ - არტეტა და იოკერეში ნახევარფინალის წინ
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით“ - არტეტა და იოკერეში ნახევარფინალის წინ