„მიზამს ორი თამაში გვაშორებს“ - სიმეონე და გრიზმანი არსენალთან მატჩის წინ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „არსენალი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ და ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.
დიეგო სიმეონე:
„რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ამაზე ჩვენ, მწვრთნელებმა, ფეხბურთი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული; ჩვენ უბრალოდ ისინი საუკეთესოდ უნდა მოვამზადოთ. მჯერა, რომ გამოცდილებასა და დროს პასიურობის ნაცვლად სიმშვიდე მოაქვს, და ის სულიერი წონასწორობა, რომელიც ასეთ მატჩთან შესახვედრად არის საჭირო.“
„ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ისე ითამაშონ, როგორც შინ, მეორე ტაიმში. ვეცდებით, ზუსტად ისეთი მატჩი ჩავატაროთ, როგორიც საჭიროა და იმ ინტენსივობით, რასაც ის მოითხოვს. ჩვენ ძალიან გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ.“
ანტუან გრიზმანი:
„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის კამპანიას ვიწყებთ, ცხადია, თვალწინ თასის აღმართვა წარმოგიდგება; ამაზე ყველა გუნდი და ფეხბურთელი ოცნებობს. მიზნამდე ორი თამაში გვაშორებს, ამიტომ აქ ტაქტიკურად და დაცვაში საიმედოდ უნდა ვიმოქმედოთ და შევინარჩუნოთ იგივე სტანდარტი, როგორიც შინ, მეორე ტაიმში ვაჩვენეთ.“
„ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის განსხვავებული და ამაღელვებელია. ყოველთვის მეხმარება ის ფაქტი, რომ ამ ტურნირს ბავშვობიდან ვუყურებ. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ბევრს საუბრობს; უბრალოდ მინდა, რომ ხალხი ენთუზიაზმითა და სიხარულით სავსეს მხედავდეს. როცა საქმე თანაგუნდელების დახმარებას ეხება, ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი. კოკე სიტყვით ლიდერობს, მე კი — საქმით.“
„მოუთმენლად ველი ემირეით სთედიუმზე გასვლას. ეს იქნება შესანიშნავი მატჩი სათამაშოდ და ემოციების შესაგრძნობად. იმედია, სათანადო განწყობას ვაჩვენებთ და წნეხს გავუმკლავდებით. მორიგ ფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. გუნდმა ეს იცის და აშკარაა, რომ თამაშის წინ დიდი თავდაჯერებულობა იგრძნობა.“
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი ლონდონში 5 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.