ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვარჯიშებზე რონალდინიოც ასეთი იყო | პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე

პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, 47 წლის დიდიე დომიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფრანგმა, რომელიც პარიზულ კლუბში რონალდინიოსთან ერთად თამაშობდა, ქართველი ვარსკვლავი რიბერის, მესისა და რონალდუს შეადარა. ასევე, აღნიშნა, რომ ვარჯიშებზე რონალდინიოც ასეთი იყო.

„ეს არის სუფთა ტალანტი. როცა ის ამ დონეზე თამაშობს, მწვრთნელის რომელი ტაქტიკა შეძლებს მის შეჩერებას ერთი-ერთზე დრიბლინგისას? ის რიბერის მაგონებს, ან მესის და კრიშტიანუსაც კი, როცა ისინი კარიერას ფლანგზე იწყებდნენ. პსჟ-ში ჩვენთან ერთად ვარჯიშისას რონალდინიოც ასეთი იყო. ამ ბიჭებმა შეიძლება შვიდჯერ ჩააგდონ ეპიზოდი, მაგრამ ისევ და ისევ დაბრუნდებიან. მათ აქვთ გამბედაობა და სწორედ ესაა მათი ძალა.

კვარამ გადაწყვიტა გზის პოვნა, თავისუფალი სივრცის შექმნა და მოპოვება. ხედავთ, როგორ გარბის კიმიხი, როგორი სიჩქარით, რომ კვარა ერთი-ერთზე არ დატოვოს, რადგან იცის, ასეთ დროს გოლის გატანის 80%-იანი შანსი არსებობს. გამოსავალი ისაა, რასაც კიმიხი აკეთებდა, ორმაგი მეურვეობა, თუმცა ამ მატჩში იმდენი ერთი-ერთზე დუელი იყო, რომ ეს შეუძლებელი გახდა. თამაში ნახევარმცველებისთვის ფიზიკურად იმდენად დამღლელი გამოდგა, რომ გარდამავალმა ფაზებმა ყველა დააზარალა“, — აცხადებს დომი So Foot-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა, დიდიე დომი ამ პრიზს ბაიერნის ფეხბურთელს გადასცემდა: „დიდ პატივს ვცემ უსმანს, ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემთვის მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაიკლ ოლისე იყო. ასევე, შეიძლებოდა ლუის დიასიც ყოფილიყო. მოედანზე ბევრი ვარსკვლავი იყო, მაგრამ სუფთა კლასის მხრივ, ოლისე გამოირჩეოდა. უსმანისთვის პირველი ტაიმი ცოტა რთული გამოდგა გადაწყვეტილებების მიღებისა და დაგვირგვინების თვალსაზრისით“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ-მ ვენსან კომპანის მიუნხენის ბაიერნი მიიღო და 5:4 დაამარცხა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნამდვილი სანახაობა იხილეს, ეს მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მატჩში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი შეასრულა. 1:0-ზე, როცა ბაიერნი დიდ უპირატესობას ფლობდა, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თამაში შეცვალა. 56-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, ანგარიში პსჟ-ს სასარგებლოდ 4:2 გახდა.

საპასუხო მატჩი მიუნხენში ექვს მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ბუდუ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსებზე
„არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ბუდუ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსებზე