ზიდანი: ''კარდიფის ფინალი დავიწყებულია, მიზანი ორი მატჩის სწორად დაგეგმვაა''
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ''რეალი'' ესტუმრება ტურინის ''იუვენტუსს,'' რომლის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. კითხვაზე ვის ანიჭებს უპირატესობას ისკოს თუ ბეილს, ალეგრიმ უპასუხა: ''ისკო თუ ბეილი? ეს კითხვა ზიდანს დაუსვით, მე ვფიქრობ ბეილი.''
იტალიელმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''სამეფო კლუბთან'' მარცხი გაიხსენა: ''კარდიფში მარცხი ძალიან სამწუხარო იყო, ჩვენ გვქონდა მენტალური პრობლემა.შესვენების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში ჩემმა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ როგორც ეთამაშათ, რაც ჩვენთვის ფატალური გამოდგა. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო სწრაფები და უფრო ძლიერები. რაც დაგვაკლდა ფინალში, ორმატჩიან დაპირისპირებაში უნდა ვაჩვენოთ.''

ალეგრიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა, მისი თქმით არგენტინელი სათამაშოდ მზადაა: ''ის აპირებს ითამაშოს დიდებულად, მონდომებულია, ვარჯიშზე კარგად გამოიყურება, მას არ აქვს პრობლემები.''

ალეგრის მსგავსად პრესკონფერენციისას მადრიდის ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარდიფში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახსენა: ''ჩვენ არ ვფიქრობთ წარსულზე, გასულ სეზონში კარდიფში მოგებულ ფინალზე, მხოლოდ უახლოეს შეხვედრაზე ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლაა, თუმცა ორივე თამაში კარგად უნდა დავგეგმოთ, რადგან მხოლოდ ერთი თამაშის მოგება გამარჯვებას არ მოგვიტანს. ეს მატჩი კარდიფში გამართული მატჩისგან ძალიან განსხვავებული იქნება. რამდენი თვე გავიდა ფინალის შემდეგ? რვა თვე? ათი თვე? ეს დიდი დროა და სრულიად განსხვავებულ თამაშს ველი.''

შეგახსენებთ, დღეს 3 აპრილს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ტურინის ''იუვენტუსისა'' და მადრიდის ''რეალის'' დაპირისპირება დაიწყება.