პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა
Aa
Aa

ხელახლა დაწყებული საჩემპიონო რბოლა - გუარდიოლასთვის კალენდარი საშინელია

ინგლისის პრემიერლიგაში საჩემპიონო მარათონი ბოლომდე გაგრძელდება, რაც „მანჩესტერ სიტის“ დამსახურებაა. „ქალაქელებმა“ გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლიდერი „არსენალი“ 2:1 დაამარცხეს, „მეთოფეებთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს და თანაც, მანჩესტერელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ. პირველი ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში რაიან შერკის ბურთს კაი ჰავერცმა უპასუხა, გამარჯვების გოლი კი 65-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მიკელ არტეტას ტრადიციული სუსტი გამოსვლა პეპ გუარდიოლას წინააღმდეგ - ამ უკანასკნელმა ყოფილ ასისტენტს „არსენალში“ წასვლის შემდეგ 17-დან 10 მატჩი მოუგო. ორივე მათგანის კომენტარი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ საინტერესო მოსასმენი იყო.

პეპ გუარდიოლა

რა მოხდა დღეს? საკუთარ თავს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნების შანსი მივეცით. უბრალოდ ცუდი ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ პირველ ადგილზე არ ვართ და საშინელი კალენდარი გვაქვს. გადაჭრით გამიჭირდება იმის თქმა, რომ „არსენალს“ კრიზისი აქვს, ან ჩვენ მათზე კარგ ფორმაში ვართ. ოთხშაბათს გადადებულ მატჩს გავმართავთ და თუ გავიმარჯვებთ, შესაძლოა პირველ ადგილზე გადავიდეთ. რთული თამაშები დაგვრჩა - „ევერტონთან“, „ბრენტფორდთან“, „ასტონ ვილასთან“, „კრისტალ პალასთან“ და „ბორნმუთთან“, რომელმაც არ დაგავიწყდეთ, რომ სულ ახლახანს „მეთოფეებს“ სტუმრად მოუგო.

მიკელ არტეტა

აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ დადებითი შედეგისთვის მიგვეღწია და საამისოდ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია. თუმცა, რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომელიც ახლა გვაქვს. საჩემპიონო რბოლა პრაქტიკულად ახლიდან იწყება - მათ მხოლოდ სამი ქულით ვუსწრებთ, თან „მანჩესტერ სიტის“ მატჩით ნაკლები აქვს გამართული და წინ კიდევ ხუთი ტურია. როდესაც „ეტიჰადზე“ მოსაგებად ჩამოდიხარ, წვრილმან დეტალებსაც კი უდიდესი ყურადღება უნდა დაუთმო. დღევანდელი თამაშის ბედი კი სწორედ წვრილმანმა დეტალებმა გადაწყვიტა.

ცნობისათვის, „არსენალს“ „ეტიჰად სთედიუმზე“ „მანჩესტერ სიტი“ 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია და მას შემდეგ „ქალაქელებმა“ საშინაო არენაზე „კანონირებს“ 9-ჯერ მოუგეს, 3 თამაში კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება გადადებულ თამაშს, რომლის მოგების შემთხვევაშიც „სიტი“ გალიდერდება, მას გუარდიოლას შეგირდები 22 აპრილს, სტუმრად „ბარნლისთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
35-ე ვერცხლის სინი - ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია
35-ე ვერცხლის სინი - ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია