ძაგანიას ეფექტური გოლი | იბერიამ დინამო ბათუმს დამაჯერებლად მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში დინამო ბათუმი შინ იბერიასთან 0:3 დამარცხდა.
მოქმედი ჩემპიონი მე-10 წუთზე პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა, ვახო ბედოშვილის გადაცემისას ლუკა ლაკვეხელიანი ბურთს შეეხო, თუმცა ვერ ჩაჭრა, ღუდუშაურმა ერთი-ერთზე ლაკვეხელიანს აჯობა და მახვილი კუთხიდან შეაგდო. 28 წლის შემტევმა იბერიას რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
58-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა იაქტიურა, საჯარიმოში ლაკვეხელიანმა თამაშის წესი დაარღვია და ჯინჯოლავამ პენალტი გოლად აქცია. მარცხენა მცველმა ამ სეზონში პენალტიდან მესამედ გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რუსთავის ბრაზილიელ ფორვარდს, ჟან სოუზა დე ალმეიდას ჩამორჩება, მის აქტივში 4 გოლია.
66-ე წუთზე არმელ ზოურის გადაცემით ამირან ძაგანიამ ეფექტური გოლი გაიტანა. 24 წლის ფორვარდმა ზედიზედ მეორე ტურში შეაგდო, წინა ტურში მეშახტესთან გამოიჩინა თავი.
7 ტურის შემდეგ იბერია 14 ქულით პირველზეა, დინამო ბათუმი 7 ქულით მე-9 პოზიციაზეა, ბოლოადგილოსან გაგრას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.