ქალთა ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულებთან დამარცხდა
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:0 დამარცხდა.
პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბევრი მომენტი არ იქმნებოდა. საქართველოს მხრიდან გოლის გატანა ირინა ხაბურზანიას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.
მეორე ტაიმში ირის ანტმანის გაწვრთნილი გოგოები გააქტიურდნენ, მაგრამ გოლის გატანა კვლავ ვერ ხერხდებოდა. მატჩის მიწურულს, მასპინძლებმა მოუმატეს და საქართველოს კართან რამდენიმე მომენტი შექმნეს.
რიგ ეპიზოდებში, გაბუნიამ ეროვნული ნაკრები გაშვებულ გოლებს გადაარჩინა, მაგრამ ერთ-ერთ შეტევას გოლი მაინც მოყვა. ამის შემდეგ, ქართველი გოგოები გააქტიურდნენ და ანა ჩემინავას გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გადაეფარა.
შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრებს ნული ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. ირის ანტმანის გუნდი შემდეგ მატჩს 5 ივნისს საკუთარ კედლებში კვლავ ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს.