გოშთელიანის ბრწყინვალე გოლი | იბერიამ სამგურალს მძიმე ბრძოლაში მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში იბერიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს სამგურალს 2:1 მოუგო. მე-8 წუთზე გურამ გოშთელიანმა ანგარიში გახსნა, ბრწყინვალე ცრუ მოძრაობით მცველი მათე შათირიშვილი და მეკარე არსენ სიუკაევი „დააწვინა’’ და ცარიელ კარში შეაგდო. 29 წლის გოშთელიანმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში დინამო თბილისთან გუნდს უკაპიტნა, ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო, მე-5 ტურში გაგრასთან მისი გოლი გამარჯვების იყო.
37-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა მარცხენა ფეხით შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, ლუის კაფე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ბრაზილიელმა მეკარე არსენ სიუკაევს ერთი-ერთზე გაუტანა. 22 წლის ბედოშვილისთვის იბერიაში პირველი საგოლე მოქმედებაა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთივე მატჩში ითამაშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ, ბოლო ორ ტურში, გაგრასთან და სამგურალთან მოხვდა.
მე-80 წუთზე ლევან პაპავას საგოლე პასით ლაშა კვარაცხელიამ, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, ახლო მანძილიდან ანგარიში შეამცირა. გიორგი ონიანმა კვარაცხელია ამ სეზონში მხოლოდ მეორედ ათამაშა, ბოლო ორ ტურში ცვლილებაზე გამოიყვანა. სამგურალმა აქტიურობა გააგრძელა, თუმცა იბერია თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ გუგა ნერგაძის გაწვრთნილმა იბერიამ მძიმე ბრძოლაში 3 ქულა მოიპოვა.
იბერია და სპაერი 10-10 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, თუმცა იბერიამ 10 ქულა ხუთ მატჩში დააგროვა, სპაერს კი ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა. პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში, 11 აპრილს იბერია მეშახტეს მიიღებს.
სამგურალმა ექვს ტურში 8 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა. მე-7 ტურში, 17 აპრილს წყალტუბოში დილას უმასპინძლებს.
მასალაში გამოყენებულია იბერიას პრესსამსახურის ფოტოები