„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში „ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „ქალაქელების“ ტრიუმფის შემდეგ დენიელ სტარიჯმა „არისტოკრატების“ სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეეძინათ, როცა ქართველი გარემარბი ხელმისაწვდომი იყო, რადგან სწორედ მისნაირი მოთამაშე სჭირდებათ.
„ახლა ჩელსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. ამ ტურნირის გარეშე მაღალი დონის ფეხბურთელების მოზიდვა და მათი გადმოყვანა ლურჯებს ძალიან გაუჭირდებათ.
მათ ჩამოყალიბებული ფეხბურთელები სჭირდებათ — დასრულებული პროდუქტი. 40, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეს ფეხბურთელებზე... მათდამი უპატივცემულობას არ ვიჩენ, მაგრამ 2025 წლის იანვარში პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონ ევროდ შეიძინა. ჩელსის მისი ყიდვა შეეძლო და ეს უნდა გაეკეთებინა.
თქვენ კარგად ნახეთ, კვარაცხელიამ არისტოკრატების წინააღმდეგ როგორ ითამაშა და რა გააკეთა. ის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ჩელსიმ რამდენიმე მოთამაშე იყიდა, მაშინ როცა შეეძლო ოდნავ მეტი ერთ ფეხბურთელზე დაეხარჯა — ისეთზე, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს და ვიცით, რა შეუძლია.
აი, ეს არის მთავარი. პოტენციალში ინვესტიცია კარგია, მაგრამ მხოლოდ პოტენციალი საკმარისი არ არის, აუცილებელია მან გაცემული ავანსები გაამართლოს. ამისთვის გამოცდილი ფეხბურთელების შეძენაა საჭირო, რომლებსაც შეუძლიათ ახალგაზრდებს დაეხმარონ, გახდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორსაც მათგან ველით.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაანადგურა და „ლურჯები“ ორი მატჩის ჯამში, 8:2 დაამარცხა. „კვარა“ ორივე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.