„კუ ნინძებს ჰგვანან“ - Nike-ის ფორმები დაცინვის ობიექტი გახდა
Aa
Aa

„კუ ნინძებს ჰგვანან“ - Nike-ის ფორმები დაცინვის ობიექტი გახდა

როდესაც „ნაიკმა“ მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფორმების კოლექცია წარადგინა, გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა მას ძირითადად დადებითი შეფასება მისცეს. აშშ-ის ნაკრებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინი მიიღო, ხოლო სხვა ნაკრებებიც ასევე კარგი შეფასებებით გამოირჩნენ.

თუმცა საერთაშორისო პაუზის დროს, როცა ფეხბურთელები პირველად გამოვიდნენ ამ ფორმებით მოედანზე, ბევრმა გულშემატკივარმა ერთ კონკრეტულ დეტალს მიაქცია ყურადღება — მხრის ნაკერთან არსებულ უცნაურ „გამობურცვას“.

ზოგ ფორმაზე ეს თითქმის შეუმჩნეველი იყო — მაგალითად, აშშ-ის ზოლიან საშინაო მაისურზე. თუმცა სხვებზე ეს საკმაოდ თვალშისაცემი გახდა. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო კილიან მბაპეს მაისური, რომელზეც ეს დეტალი თითქმის კომიკურ ეფექტსაც კი ქმნიდა.

ყველაზე მკვეთრად კი ეს პრობლემა ურუგვაის ნაკრების ფორმებზე გამოჩნდა — რამდენიმე ფეხბურთელი ისე გამოიყურებოდა, რომ გულშემატკივრებმა ისინი „კუ ნინძების“ ბოროტმოქმედ შრედერსაც კი შეადარეს, ინგლისთან ამხანაგურ მატჩში.

სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში გულშემატკივრებმა მსგავსი პრობლემები საკუთარ შეძენილ ფორმებშიც შენიშნეს. მაგალითად, ერთმა კანადელმა გულშემატკივარმა Reddit-ზე საკმაოდ მკვეთრად გამოხატა უკმაყოფილება:

მხრების შეკერვის სტილი ისეა გაკეთებული, რომ ეს ნაკეცი ყოველთვის ჩნდება. შესაძლოა იმუშაოს ვიწრო მხრების მქონე ადამიანებზე, მაგრამ მე ფართო მხრები მაქვს და ამ პრობლემის თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს ძალიან ცუდი დიზაინია.“

იმ ფონზე, როცა გულშემატკივრები მაისურებში 100-დან 200 დოლარამდე იხდიან, მსგავსი ხარვეზი სერიოზულ პრობლემად იქცა. ეს ასევე მნიშვნელოვანია თავად ნაკრებებისთვის და ფეხბურთელებისთვისაც, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურნირზე საუკეთესო ფორმაში და გარეგნობით გამოსვლას ცდილობენ.

გაჩნდა კითხვაც — რეაგირებს თუ არა Nike ამ პრობლემაზე? პასუხი დადებითია.

კომპანიამ The Guardian-თან საუბარში დაადასტურა, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია:

ბოლო სანაკრებო პაუზის დროს შევნიშნეთ მცირე ხარვეზი ჩვენი ნაკრებების ფორმებში, განსაკუთრებით მხრის ნაკერის არეში. ეს არ ახდენს გავლენას ფუნქციონალზე, თუმცა ვიზუალური მხარე იმ დონეზე არ არის, როგორსაც ველოდით,“ — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა."

ამ ეტაპზე Nike აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების გზებს სწავლობს, თუმცა ჯერ უცნობია, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

მართლაც, ეს საკმაოდ უჩვეულო შეცდომაა ისეთი ბრენდისთვის, როგორიც Nike-ია — კომპანიამ ხომ ფორმების წარდგენისას განსაკუთრებული აქცენტი სწორედ დიზაინსა და ტექნოლოგიაზე გააკეთა.

ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამერიკაში, კანადაში და მექსიკაში გაიმართება, შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ტურნირი იყოს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Aero-FIT ტექნოლოგია, რომელიც Nike-ის ყველა ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატის ფორმის საფუძველს წარმოადგენს.

კომპანიის მარკეტინგული აღწერის მიხედვით:

„Aero-FIT იყენებს გამოთვლით დიზაინსა და სპეციალურ, ნაკერებზე მორგებულ ქსოვილს ტექნოლოგიას, რათა ფეხბურთელებს სხეულის ტემპერატურის კონტროლი გაუმარტივდეთ.“

Guardian-ის ინფორმაციით, ამ პროცესში გამოყენებული „გამოთვლითი დიზაინი“ ეფუძნება სპორტულ მონაცემებს და მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ელემენტებსაც, რომლებიც დიზაინერებთან ერთად მუშაობენ პროდუქტის შექმნისას.

თუმცა, მიუხედავად ამ მოწინავე ტექნოლოგიისა, პრაქტიკაში გამოვლენილმა ვიზუალურმა ხარვეზებმა აჩვენა, რომ ინოვაცია ყოველთვის არ ნიშნავს იდეალურ შედეგს — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დეტალებს ეხება.

წყაროს ინფორმაციით, რომელიც Nike-ის პროცესებთან არის ახლოს, კომპანიამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პარტნიორ ფედერაციებსა და მომწოდებლებთან, რათა განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, მოხდება თუ არა ფორმების რედიზაინი და რა ტიპის კომპენსაციას — თუ საერთოდ იქნება — მიიღებენ ის გულშემატკივრები, რომლებიც მაისურების მორგებით უკმაყოფილო დარჩნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემის გამოსწორება საკმაოდ რთული ლოჯისტიკური ამოცანაა: მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება, თანაც უკვე დიდი რაოდენობით მაისურებია გაყიდული.

კომპანიამ The Guardian-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა:

„ჩვენ ვართ მსოფლიო დონის დიზაინერების, შემოქმედებისა და ინოვატორების გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ახალი სტანდარტების შექმნას, რისკის აღებას და ფეხბურთის განვითარებას. ყოველთვის უმაღლეს მოთხოვნებს ვუყენებთ საკუთარ თავსა და ჩვენს პროდუქტებს — და ამ შემთხვევაში ეს სტანდარტი ვერ დავაკმაყოფილეთ.

ამჟამად სწრაფად ვმუშაობთ, რათა ეს პრობლემა როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მოვაგვაროთ, რადგან თითოეული ფორმა უნდა ასახავდეს იმ ზრუნვას, სიზუსტესა და სიამაყეს, რომელსაც ეს თამაში იმსახურებს.“

Nike ფეხბურთის ფორმების წარმოებაში უკვე რამდენიმე ათწლეულის გამოცდილებას ფლობს. ყველაფერი 1979 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ფორმები შეუკერა „პორტლენდ ტიმბერსს“ — იმ დროისთვის უკვე აღარარსებულ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე კლუბს.

ევროპულ ბაზარზე Nike 1983 წელს შევიდა, როცა პარტნიორობა გააფორმა სანდერლენდ A.F.C.-თან. ეროვნული ნაკრებისთვის პირველი ფორმა კი 1994 წელს შექმნა(ნიგერიის ნაკრებისთვის).

უკვე 1995 წლიდან კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ეს მიმართულება და თანამშრომლობა დაიწყო არაერთ ეროვნულ ნაკრებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დღემდე Nike-ის ფორმებით ასპარეზობს. მოქმედი შეთანხმების მიხედვით, ეს პარტნიორობა მინიმუმ 2033 წლამდე გაგრძელდება.

ასევე, ინგლისის ნაკრები 2013 წლიდან Nike-ის ფორმებით თამაშობს, ხოლო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან არსებული კონტრაქტი 2030 წლამდეა გაფორმებული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები