ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველი ჯადოქარი, ვის ხელიდან გაშვებასაც ლივერპული ნანობს“ | Goal-ის სტატია კვარაზე

„როგორ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენი და რატომ ნანობს ლივერპული ქართველი ჯადოქრის არ დამატებას“, — ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული Goal-ი და ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს.

********

„2025 წლის 9 იანვარს ყოველთვის სანდო დევიდ ორნშტაინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლივერპული ნაპოლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდებოდა და, თუ ის ხელმისაწვდომი გახდებოდა, იყო ალბათობა, შუა სეზონში მისი დამატება ეცადა. ეს ამბავი არავის გაკვირვებია, რადგან პრემიერ ლიგის კლუბები ქართველი ფეხბურთელით დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდებოდნენ.

როდესაც ნაპოლი კვარაცხელიას გაშვებას დათანხმდა, ლივერპულმა პარტენოპეის წინადადებით არ მიმართა და გზა გაუხსნა პარი სენ-ჟერმენს, რომელმაც სკუდეტოს გამარჯვებული 17 იანვარს 70 მილიონ ევროდ გაიფორმა. ეს ორივე გუნდისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ლივერპულმა პრემიერ ლიგა მოიგო, მაგრამ მას შემდეგ ჩამოიშალა — ნაწილობრივ იმიტომ, რომ ლუის დიასის შემცვლელი ვერ გაიფორმა.

რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, კვარაცხელიამ მთავარი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში და გზად ლივერპულიც დაამარცხა. ახლა მოსალოდნელია, რომ პარიზული გრანდი არნე სლოტის გუნდს კიდევ ერთხელ მოუგებს და ტიტულის დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს. შესაბამისად, საკითხავია რატომ არ იმოქმედა ლივერპულმა, როცა ამის შანსი ჰქონდა? ბოლოს და ბოლოს, მერსისაიდელებმა ბევრ ევროპულ გრანდზე ადრე იცოდნენ, რომ კვარაცხელიას სიდიადე ეწერა.

კვარადონად ქცევა

2022 წლის ივლისში, როდესაც კვარაცხელია ნეაპოლში ჩავიდა, ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში ადგილობრივებმა მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, რადგან დიეგო მარადონას მსგავსი დრიბლინგით გამოირჩეოდა. ეს უდიდესი კომპლიმენტია ქალაქში, რომელშიც არგენტინელი დღემდე ღმერთად ითვლება.

მაშინ, როცა იტალიელი ფანები მისი თამაშით სერია A-ს საწყის ტურებში მოიხიბლნენ, ევროპის ყურადღების ცენტრში ხვიჩა ლივერპულთან მატჩში მოექცა. 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში მისმა ნაპოლიმ იურგენ კლოპის გუნდი 4:1 გაანადგურა.

წლების განმავლობაში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს პრობლემები ბევრმა გარემარბმა შეუქმნა, მაგრამ არავის დაუტანჯია და გაუმწარებია ისე, როგორც კვარაცხელიას. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხვიჩა მას როცა მოუნდებოდა მაშინ სცდებოდა და გამორჩეული მომენტი მესამე გოლისას შემოგვთავაზა, როდესაც ჯოვანი სიმეონეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ალექსანდერ-არნოლდი კვარადონას უბრალოდ ვერ უმკლავდებოდა, თუმცა რეალურად ეს არც არავის გამოსდიოდა.

ნაპოლის მეორე და მესამე გოლისას კვარაცხელიამ ჯო გომესი გაასულელა. ჯერ მაღალი პრესინგის დროს ბურთი წაართვა, შემდეგ კი ფლანგზე ძალისა და ტექნიკის დემონსტრირებით სივრცე და დრო შექმნა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა ფაბინიოც ორჯერ შეარცხვინა და მისი სოლორეიდების ამსახველი ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა.

კლოპი მართალი იყო, როცა თქვა, რომ იმ საღამოს ალექსანდერ-არნოლდს რეალურად არაფერი შეეძლო — ერთადერთი გზა კვარაცხელიას შესაჩერებლად იყო, ბურთი მასთან საერთოდ არ მისულიყო, რადგან როცა ბურთს იღებდა, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

სკუდეტოს გამარჯვებული

სიმართლე ისაა, რომ მისთვის რამდენი მეურვეც არ უნდა მიეჩინათ, აზრი არაფერს ჰქონდა — სერია A-ს სადებიუტო სეზონში კვარაცხელია შეუჩერებელი იყო. საბოლოოდ, მან გოლებისა და საგოლე გადაცემების გრაფაში 10+ დააფიქსირა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ნაპოლის 1990 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოუტანა, რამაც მარადონასთან შედარებები უფრო გააძლიერა.

იმ დროისთვის ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ყველაფერს აკეთებდა, რომ 10 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა და ევროპული გრანდების ინტერესი გაენეიტრალებინა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და გაჩნდა ვარაუდი, რომ კვარაცხელია 2024 წლის ზაფხულში წავიდოდა. პარი სენ-ჟერმენის ინტერესი საყოველთაოდ იყო ცნობილი, მაგრამ მოგვიანებით ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლივერპულმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დაახლოებით 100 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება გააკეთა. იტალიელი ჟურნალისტის მიხედვით, წითლები მზად იყვნენ, კვარადონა სეზონის ბოლომდე ნაპოლიში დაეტოვებინათ — ზუსტად ისე, როგორც გიორგი მამარდაშვილთან მიმართებით გააკეთეს.

კონტრაქტი

მიუხედავად ძლიერი ინტერესისა, ნაპოლიმ კვარაცხელია მაინც არ გაყიდა — განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე აპირებდა, გუნდი მის გარშემო აეშენებინა. იტალიელმა სპეციალისტმა მიზანს ვერ მიაღწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ კვარაცხელია პარტენოპეის ახალ პროექტში ბოლომდე ჩართული არ გახლდათ. ნაპოლიმ გააგრძელა მცდელობები, რომ მასთან ხელშეკრულება გაეხანგრძლივებინა, მაგრამ 2025 წლის იანვარში კვარადონამ წასვლა მოითხოვა. „ჩემი აზრით, ეს დიდი იმედგაცრუებაა. დღეს უკან უნდა დავიხიო. ჯაჭვებით ვერ დავაბავ ფეხბურთელებს, რომლებსაც წასვლა სურთ. ზაფხულში ეს გავაკეთე და მხარეებს ექვსი თვე ჰქონდათ, რათა გამოსავალი ეპოვათ“, — განაცხადა კონტემ.

სხვა გეგმები

აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ნაპოლი ფაქტობრივად იძულებული გახდა ხვიჩა კვარაცხელია გაეყიდა — მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

„ამის გაკეთება მომიწია, რადგან მისი აგენტი მემუქრებოდა მე-17 პუნქტის გამოყენებით (რომელიც ფეხბურთელებს გარკვეულ პირობებში კონტრაქტის გაწყვეტის საშუალებას აძლევს). მისი პირველი, ფანტასტიკური სეზონის შემდეგ მაშინვე დავიწყეთ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შევთავაზეთ გაზრდილი ხელფასი, რადგან აშკარა იყო, რომ მცირე გამოსასყიდი თანხა ნახევარ მსოფლიოს მიიზიდავდა. თუმცა მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სხვა გეგმები ჰქონდა — როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ფეხბურთელისთვის,“ — აღნიშნა დე ლაურენტისმა.

რაც არ უნდა ყოფილიყო კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის მიზეზი, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უთანხმოებამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი გარემარბის შეძენა შედარებით დაბალ ფასად გახდა შესაძლებელი. მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო — თუმცა პარი სენ-ჟერმენმა ფაქტობრივად უპრობლემოდ შეძლო მისი შეძენა და ლივერპულის პასიურობა განსაკუთრებით გაუგებარი გახლდათ.

ხელიდან გაშვებული შანსი

როდესაც კვარაცხელიამ წასვლა მოითხოვა, ლივერპული პრემიერ ლიგის ტიტულთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფლანგებზე საკმაოდ კარგად იყო დაკომპლექტებული. მოჰამედ სალაჰს პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ლუის დიასი და კოდი გაკპო კი მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად თამაშობდნენ. თუმცა, სალაჰის ფორმა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც სლოტთან დაპირისპირება მოუვიდა, დიასის ბაიერნში გადასვლა კი განსაკუთრებით იგრძნობა, რადგან გაკპოს სერიოზული რეგრესი აქვს. შედეგად, 17 წლის რიო ნგუმოა ლივერპულის ყველაზე ეფექტური გარემარბია.

მართალია, წითლების ხელმძღვანელები წინასწარ ვერ გათვლიდნენ, რომ სალაჰი და გაკპო ასე მოუკლებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ დიასის წასვლა მოულოდნელობა არ ყოფილა. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ლივერპულს კვარაცხელიას დამატება ჯერ კიდევ 2024 წელს სურდა.

შესაძლოა, კვარადონა დიასისნაირი უნივერსალი არ არის, მაგრამ მასზე უკეთესი დრიბლიორია. სწორედ ეს უნარი — მეტოქის მოტყუება სისწრაფით ან ტექნიკით — მიმდინარე სეზონში ლივერპულს ძალიან აკლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღრმა დაცვაში მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობს. საქმეს ართულებს ისიც, რომ ფორმიდან ამოვარდნილ გუნდს ისევ ელის შეხვედრა იმ სატრანსფერო სამიზნესთან, რომელიც მისთვის ნამდვილ „მტანჯველად“ იქცა. არნე სლოტის ბიჭებს სერიოზული პრობლემები აქვთ და მომდევნო შვიდ დღეში პარი სენ-ჟერმენთან ორი შეხვედრა ელოდებათ.

მეტი ტანჯვა ლივერპულისთვის

პარი სენ-ჟერმენის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენამ ბევრი გააკვირვა, რადგან ფრანგულ გუნდს უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე ჰყავს, თუმცა კვარადონა სწორედ ფაზლის ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც პსჟ-ს აკლდა. კვარაცხელიამ გარემარბებისგან შემდგარი შემტევი ხაზის სისწრაფე და სიმწვავე კიდევ უფრო გაზარდა და გუნდი ტრიუმფამდე მიიყვანა. ფინალში მათ ინტერი 5:0 გაანადგურეს და ქართველმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა, რამაც ლივერპულს მტკივნეულად შეახსენა — კარგი არასდროს არის ზედმეტი.

უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კვარაცხელიას იდეალური არ ჰქონია — განსაკუთრებით ლიგა 1-ში, სადაც დეკემბრის შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, მას თავი უსმან დემბელეს კრიტიკის ერთ-ერთ ადრესატად ეგრძნო, როდესაც ფრანგმა ფეხბურთელმა ეგოისტ თანაგუნდელებზე ისაუბრა და გუნდის არასტაბილურ ფორმაში ისინი დაადანაშაულა. ამის ფონზე გაჩნდა ვარაუდი, რომ კვარაცხელია და მისი წარმომადგენლები შესაძლოა ზაფხულში წასვლისთვისაც მზად ყოფილიყვნენ.

თუმცა ლუის ენრიკე ყოველთვის ძალიან აფასებდა ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტსა და ტექნიკურ უნარებს. ასევე, უსმან დემბელე მივიდა და პირადად მიულოცა კვარაცხელიას დუბლი, რომელიც მან ჩელსის წინააღმდეგ შეასრულა.

ლონდონელებთან პირველ შეხვედრაში „ქართველი ჯორჯ ბესტის“ წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, საპასუხო მატჩში კი ანგარიში გახსნა და მერვედფინალის ბედი გადაწყვიტა. რჩება შთაბეჭდილება, რომ კვარაცხელია ფორმის პიკში ისევ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შედის.

ლივერპულის გულშემატკივრებს შეუძლიათ იმედი დაიტოვონ, რომ კვარადონას უკმაყოფილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გარკვეული სიმართლე მაინც არის — რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ კლუბს კიდევ ერთი შანსი მიეცემა შეცდომის გამოსასწორებლად. ბოლოს და ბოლოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თუმცა ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ის რჩებათ, მოემზადონ კიდევ ერთ მტკივნეულ გაკვეთილთან გასამკლავებლად იმაზე, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი გუნდი, კვარაცხელია რომ გაეფორმებინათ,“ — წერს Goal.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 14 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები