„საქართველო ძლიერი გუნდია. ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“ - ისრაელის პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რან-ბენ შიმონმა და ფეხბურთელმა, ელი დასამ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რან ბენ-შიმონი:
იმის მიუხედავად, რომ ამხანაგური თამაშია, ამ თამაშს სერიოზულად აღვიქვამთ. როგორც ველოდებოდით, ისეთი შემადგენლობაა, ჩვენც ზუსტად ასეთი შემადგენლობა გვყავს.
ხვალ დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვეცდებით, სიახლეები გამოვცადოთ, ახალ მოთამაშეებს მივცემთ შანსს და ამავდროულად, გავიმარჯვოთ.
საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. თბილისს კარგად ვიცნობ და ჩემთვის აქ ყოფნა უცხო არ არის.
საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს და არ შეიძლება, მხოლოდ კვარაცხელიაზე ვისაუბროთ. არიან მიქაუტაძე, კიტეიშვილი, დავითაშვილი... ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. აქ მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან სათამაშოდ არ ჩამოვსულვართ. ხვალ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით.
ელი დასა:
ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს, ვიცით მათი ტექნიკისა და ტაქტიკური სიძლიერის შესახებ. სახიფათოები არიან გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია. ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიან.
ძალიან რთულია საომარი სიტუაციების პარალელურად თამაში. ოჯახის წევრებზე ვნერვიულობ. იმედი მაქვს, რომ თავდაცვის სირენები არ იქნება და ჩვენს მოქალაქეებს ამ მძიმე პერიოდის ფონზე მცირედით გავახალისებთ.
აქ მარტო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად არ ვართ. ჩვენი მიზანია, სექტემბრისთვის კარგად მოვემზადოთ და შემდეგი თამაშებისთვის სწორი გამოცდილება მივიღოთ.
რაც შეეხება ქვეყანას, აქ ყოფნა ძალიან მოგვწონს. მეგობრული გარემო დაგვხვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.