„უფრო მნიშვნელოვანი გახდება... ლიგაში საუკეთესოა...“ - კიტე და გიზი ავსტრიულ მედიასთან
„შტურმის“ შემადგენლობაში ორივე ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი ძირითად შემადგენლობაში ერთად პირველად მოხვდა. „ზალცბურგთან“ საშინაო თამაშში, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა, მთავარმა მწვრთნელმა ორივე მათგანს გამოუცხადა ნდობა.
მატჩის დასრულების შემდეგ ორივე ქართველი ლეგიონერი Sky Sport Austria-ს ესაუბრა.
ოთარ კიტეიშვილი:
„შეხვედრა რთული გამოდგა. ამას ველოდით. ორივე გუნდის მხრიდან მაღალი პრესინგის თამაშის სურვილი იყო, ბევრი ორთაბრძოლა და ცოტა საგოლე მომენტი იყო. აქედან გამომდინარე, დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია.
რაც შეეხება გიზის, ყოველ მომდევნო შეხვედრაში ის მოედანზე საკუთარ უნარებს უფრო და უფრო უკეთ ავლენს. სეზონის დარჩენილ მატჩებში ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება გუნდისთვის“.
გიზი მამაგეიშვილი:
„შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ცოტა მეტი იღბლის შემთხვევაში შესაძლოა სამი ქულაც აგვეღო, თუმცა ქულა მოვიპოვეთ.
ოთო? ის ჩვენს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, ვიტყვი, რომ ოცნებები ხდება. მე და ოთო ნაკრებში ერთად მივდივართ - ბედნიერი ვარ“.
ბოლოს გეტყვით, რომ „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ ფრის შემდეგ, საჩემპიონო ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა. ქართველების გუნდი 23 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. „ლასკსა“ და „რაპიდს“ ერთი მატჩით ნაკლები და 19-19 ქულა აქვთ. გრაცელები ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ, წელს მესამე ტრიუმფსაც გეგმავენ.