პირველად ისტორიაში: 2029 წელს ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში გაიმართება, რაც ისტორიული მოვლენაა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა აღნიშნული ინფორმაცია თბილისის გრანდ-სლემზე დაადასტურა.
მიმდინარე წლის აპრილში თბილისში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რაც ასევე აღსანიშნავი ფაქტია.
მარიუს ვიზერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტია. ის ამ პოზიციას 2007 წლიდან იკავებს და მისი ხელმძღვანელობით ძიუდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და პოპულარული სპორტის სახეობა გახდა.
ვიზერი ცნობილია ქართველი ძიუდოისტებისა და ზოგადად ქართული ძიუდოს სკოლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით. ის ხშირად სტუმრობს თბილისის გრან სლემს და აქტიური კომუნიკაცია აქვს ქართულ სპორტულ წრეებთან. მისი მმართველობის პერიოდში ძიუდოში არაერთი რეფორმა გატარდა, მათ შორის შეიცვალა წესები სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებლად და მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურნირების საპრიზო ფონდები.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, 2027 წელს – ყაზახეთი. რაც შეეხება 2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო, ტურნირის ჩატარების საკითხი გარკვეული არაა.