ლამინ იამალი
Aa
Aa

ანელკა: “იამალისნაირი ფეხბურთელი ადრე ბევრი გვყავდა“

ყოფილმა ფრანგმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ Sport-თან ინტერვიუში „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი განსაკუთრებულად შეაქო და აღნიშნა, რომ ის თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია. მისი თქმით, მომავალ წლებში იამალსა და კილიან მბაპეს შორის დიდი დაპირისპირება ჩამოყალიბდება — ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დონეზეც.

ანელკა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც Students Nations World Cup-ის მხარდასაჭერ ღონისძიებას დაესწრო. ამ ვიზიტის ფარგლებში მან საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და თანამედროვე ფეხბურთის მდგომარეობაც შეაფასა.

ანელკა:

„ლამინი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. გააქვს გოლები, აკეთებს საგოლე გადაცემებს და მოედანზე მუდმივად ქმნის რაღაც განსხვავებულს.

ასეთი მოთამაშეები დღეს ბევრნი აღარ არიან. ადრე მეტი გვყავდა, მაგრამ ახლა იამალი ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია,“ — დასძინა ფრანგმა.

ანელკამ ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი სტილის ფეხბურთელები აძლევენ თამაშს კრეატიულობასა და სანახაობრივობას.

„როგორც ვეტერანს, მაკლია ისეთი ფეხბურთელების ყურება, როგორიც ლამინ იამალია. სამწუხაროდ, დღეს ასეთი მოთამაშეები ცოტაა.“

ყოფილი თავდამსხმელის აზრით, თანამედროვე ფეხბურთში ახალი თაობის მთავარი დაპირისპირება სწორედ ლამინ იამალსა და კილიან მბაპეს შორის იქნება.

„ლამინი და მბაპე ახლა საუკეთესოები არიან. წინ დიდი ბრძოლა გველოდება — იამალი ესპანეთის ნაკრებში და მბაპე საფრანგეთში. საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის ძლიერია.. ისევე როგორც ესპანეთი. სრულიად შესაძლებელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი ვიხილოთ.“

ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა „რეალში“ გატარებული პერიოდიც გაიხსენა. ანელკა „სამეფო კლუბში“ 1999/2000 წლების სეზონში თამაშობდა.

„რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული იყო. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია,“ — აღნიშნა მან.

ანელკამ ისიც აღიარა, რომ მისი კარიერა ესპანურ ფეხბურთში სხვაგვარადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო:

„როდესაც პსჟ-ში ვთამაშობდი, ძალიან ახლოს ვიყავი „ბარსელონაში“ გადასვლასთან,“ — განაცხადა მან, თუმცა საბოლოოდ ფრანგი თავდამსხმელი ჯერ „არსენალში“ გადავიდა, მოგვიანებით კი „ბლანკოსს“ შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: “სელტას კარში ვალვერდეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“
ლაპორტა: “სელტას კარში ვალვერდეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“