ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ახალგაზრდების დრო მადრიდში - არბელოას მკაფიო გზავნილი

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა MARCA ალვარო არბელოასა და კასტილიას შორის ურთიერთობაზე წერს.

MARCA:

„ეს ოცნებაა, თითქოს ვირტუალური რეალობის სათვალე მიკეთია. ცოტა ხნის წინ მათთან ერთად FIFA-ს ვთამაშობდი, ახლა კი რეალურად მათ გვერდით ვთამაშობ.“

ტიაგო პიტარჩის სიტყვები ჩემპიონთა ლიგაში დებიუტის შემდეგ ზუსტად ასახავს ამჟამინდელ მდგომარეობას მადრიდის რეალის აკადემიაში — გაოცება, აღტაცება და ნამდვილი შანსი.

18 წლის ნახევარმცველი ბოლო წლების ყველაზე პერსპექტიულ აღზრდილად იქცა. არბელოასთვის ეს შემთხვევითი არ არის — ის ზუსტად ერგება მის სათამაშო ფილოსოფიას: თანამედროვე ნახევარმცველი, ბურთის გარეშე შრომისმოყვარე, თამაშის ტემპის კითხვის უნარით და წნეხის ქვეშ გაბედული. პიტარჩიმაც ბუნებრივად უპასუხა გამოწვევას, თითქოს ეს ნაბიჯი საერთოდ არ აშინებდა.

მას შემდეგ, რაც არბელოამ პირველი გუნდი ჩაიბარა, ახალგაზრდების მიმართ ნდობა სიტყვებიდან რეალურ ქმედებებში გადაიზარდა. ეს არც ერთჯერადი ჟესტი ყოფილა და არც უკვე გადაწყვეტილ მატჩში სიმბოლური ჯილდო — ეს იყო თანმიმდევრული და მკაფიო განცხადება დროში.

ვალდებებასზე ამბობენ:

„თავიდანვე ვიცოდით, რომ მწვრთნელი დაგვიჯერებდა. მან ჩვენი ზრდა საკუთარი თვალით ნახა და მის მხარდაჭერას ვგრძნობთ. არბელოა ყველაფერს მარტივს ხდის.“

არბელოა ბევრ მათგანს ბავშვობიდან იცნობს — მან მათ განვითარებასთან ერთად გზა გაუკვალა და ახლა კარს უღებს მაშინ, როცა საჭიროა და არა მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოსახერხებელია.

პირველი მნიშვნელოვანი სიგნალი დეკემბერში გამოჩნდა, როცა დავიდ ხიმენესმა და ხორხე სესტერომ კოპა დელ რეიზე დებიუტი მიიღეს. ეს სიმბოლური დასასრული იყო ძველი ეპოქისთვის და ნიშანი, რომ აკადემია კვლავ ამოსუნთქვას იწყებდა.

არბელოას მოსვლასთან ერთად გზავნილი გაძლიერდა. სესარ პალასიოსმა და მანუელ ანხელმაც კოპაზე მიიღეს შანსი. შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დანიელ მესონეროს ჯერიც დადგა.

ლა მასიასთან შედარება

პიტარჩიმ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „ბენფიკასთან“ შედგა. დაძაბულ თამაშში მოედანზე შესულმა ბურთი მოითხოვა, ტემპი გაზარდა და გამოწვევას არ გაექცა. საპასუხო მატჩშიც არბელოა კვლავ ენდო მას და სესარ პალასიოსს — თან მაშინ, როცა ანგარიში მჭიდრო იყო. ეს უკვე ნამდვილი ცვლილებაა: აკადემიის ფეხბურთელები რეალური სათამაშო დროისთვის კონკურენციაში შედიან.

ეს მოდელი თანდათან უახლოვდება იმას, რასაც „ლა მასია“ ისტორიულად წარმოადგენდა „ბარსელონაში“. იქ ეკონომიკურმა ვითარებამ პროცესი დააჩქარა, თუმცა შედეგი თვალსაჩინოა — ახალგაზრდები წამყვან როლებში.

მადრიდის გასახდელში ამას პირდაპირ ამბობენ:

„უკვე დრო იყო, ხალხს რეალის აკადემიის ფეხბურთელებზეც დაეწყო საუბარი, თითქოს ჩვენ არაფრად ვვარგივართო.“

ნიჭი არასოდეს აკლდა — რეალის აკადემია ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში მოთამაშეთა ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. რაც აკლდა, იყო პირველი გუნდის რეალური შანსი. ახლა, არბელოასთან ერთად, კარი ოდნავ გაღებულია.

და როცა ოცნება ვირტუალური აღარ არის და რეალობად იქცევა, კონკურენცია იზრდება — ისევე როგორც დონე.

ლა ფაბრიკა კვლავ ცოცხალია. და ამჯერად, როგორც ჩანს, ეს უბრალოდ დროებითი ტალღა არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები