„კვარაცხელია ძალიან მომწორს“ - ემილ ჰესკი სალაჰის პოტენციურ შემცვლელებზე
„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ, გამოცემა OLBG-სთან ინტერვიუს დროს მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და ეგვიპტელი შემტევის პოტენციურ შემცვლელებსაც შეეხო. სასიამოვნოა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა სალაჰის ერთ-ერთ სასურველ შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელია მოიაზრა და აღნიშნა, რომ ის „ლივერპულში“ სწორედ ქართველ შემტევს მოიყვანდა.
რას ამბობს ემილ ჰესკი:
„ჩვენ მოჰამედ სალაჰის ჩანაცვლებაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ფანებმა ამას სხვა კუთხით უნდა შეხედონ, რადგან მო სალაჰის ჩანაცვლება შეუძლებელია. მახსოვს, ერთ სეზონში ვიღაცას ველაპარაკებოდი, რომელმაც მითხრა, რომ მოს ცუდი სეზონი ჰქონდა. თუმცა, მას იმ სეზონში 25 გოლი ჰქონდა გატანილი! მეც სიამოვნებით ვიქონიებდი ასეთ „ცუდ“ სეზონს. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სეზონში 20-ზე მეტი, თითქმის 30 გოლი გააქვს“.
„არ მგონია, რომ მო სალაჰის ჩანაცვლება შესაძლებელი იყოს, მაგრამ მომწონს ის ბიჭი პსჟ-დან, ხვიჩა კვარაცხელია. ჩემი არჩევანი სწორედ ის იქნებოდა“.
ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ დატოვებს. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა შემტევმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მის მერსისაიდულ კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია. სალაჰს 7 ჩემპიონთა ლიგურ მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს, FA Cup-ზე ჩატარებულ ერთ მატჩში კი 1 გოლის გატანა შეძლო.