UEFA-მ პრესტიანი 1 მატჩით დასაჯა, ჟოზე კი პრესკონფერენციაზე არ გავა
UEFA-მ მადრიდის „რეალისა“ და „ბენფიკას“ საპასუხო მატჩის წინ ლისაბონელთა ფეხბურთელი, ჯანლუკა პრესტიანი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაცია ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
ამის მიზეზი „რეალის“ შემტევთან, ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარი შესაძლო რასისტული სკანდალი გახდა, რომლის შესახებაც გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. თავდაპირველად, UEFA მომხდარი ინციდენტის გამო არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა, თუმცა, თუ პრესტიანის მხრიდან რასისტული შეურაცხყოფის ფაქტი დადასტურდება, მას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.
პარალელურად, ცოტა ხნის წინ „ბენფიკას“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალთან“ საპასუხო მატჩის წინ ლისაბონელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე არ წარდგება. ამის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში იწერება, რომ მოურინიომ პრესკონფერენციაზე მისვლა პრესტიანის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამო არ ისურვა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციას უკვე მეათედ გამოტოვებს. აქვე გეტყვით იმას, რომ „სამეფო კლუბთან“ პირველ მატჩი პორტუგალიელმა სპეციალისტმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც თამაშის ყურება ტრიბუნიდან მოუწევს.
მადრიდის „რეალისა“ და „ბენფიკას“ შორის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 25 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.