მიქაუტაძის გოლით - ვილიარეალმა სტუმრად ლევანტეს მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ლევანტეს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.
ჟორჟი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 90 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ორ შემთხვევაში არ გაუმართლა.
პირველ ტაიმში მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. გოლის გატანა მან 57-ე წუთზე მოახერხა, ხოლო 82-ე წუთზე ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მის დარტყმას მცველი გადაეღობა.
ცნობისთვის, ჟორჟმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ლა ლიგაში მას უკვე 8 გოლი დაუგროვდა.
რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინოს გუნდი 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 3 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ვალენსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.