ტუდორი სეზონის ბოლომდე - ტოტენჰემმა ფრანკის შემცვლელი იპოვა
წლევანდელი სეზონის დასრულებამდე საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემს“ იგორ ტუდორი უხელმძღვანელებს. 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა ტომას ფრანკი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პოსტიდან გაანთავისუფლეს. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით „დეზები“ სეზონის დასაწყისში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში კრიზისი დაეწყოთ და კლუბის ხელმძღვანელებიც იძულებულნი გახდნენ რადიკალური ნაბიჯები გადაედგათ.
რაც შეეხება ტუდორს, ის „იუვენტუსიდან“ წამოსვლის შემდეგ, ანუ ოქტომბრიდან მოყოლებული უმუშევარია. ბიანკონერის ჩაბარებამდე „ჰაიდუკში“, „პაოკში“, „ქარაბუქში“, „გალათასარაიში“, „უდინეზეში“, „ვერონასა“ და „მარსელში“ მუშაობდა, თუმცა განსაკუთრებული შედეგები არსად არ უჩვენებია და სამწვრთნელო ასპარეზზე მხოლოდ ხორვატიის თასი აქვს მოგებული. მიუხედავად ამისა, „ჰოთსპურის“ ხელმძღვანელებს სჯერათ, რომ ტუდორი მათ კლუბს კვლავაც კონკურენტუნარიანს გახდის და რთული ვითარებიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.
ცნობისათვის, 26 ტურში დაგროვებული 29 ქულით „ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. სამაგიეროდ, „დეზებმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზა მე-4 ადგილზე დაასრულეს და მერვედფინალის საგზური ყოველგვარი გადათამაშების გარეშე მოიპოვეს.