„როცა მომენტებს ვერ იყენებ, მოგება ძალიან რთულია“ - ლუის ენრიკე
„რენთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მომენტების ცუდ რეალიზაციაზე ისაუბრა და ასევე შეაფასა უსმან დემბელეს განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ცალკეულმა ფეხბურთელებმა საკუთარი ინტერესები კლუბის ინტერსებზე მაღლა არ უნდა დააყენონ.
„წარმოუდგენელია - ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი თითქმის 4 გვქონდა და მხოლოდ 1 გავიტანეთ. ფეხბურთში გოლების გატანაა აუცილებელი - ეფექტურობა დაგვაკლდა. ეს პირველი წაგება არაა - ვიცით, რომ რთული ჩემპიონატია, ამიტომ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. როდესაც აშკარა მომენტებს ვერ იყენებ, მოგება ძალიან რთულია.
პირველ ტაიმში ვდომინირებდით, თუმცა შესვენებაზე 0:1-ზე გავედით. „რენმა“ ორ მოსალოდნელ გოლზე ნაკლები შექმნა და სამი გოლი გაიტანა. ამიტომ მათი მოგება დამსახურებულია.
დემბელეს განცხადება? მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შედეგს ემოციურად აფასებენ. მე არ დავუშვებ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა პირადი ინტერესები კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენოს - ამის გარანტიას მე გაძლევთ. ამას არც სპორტული დირექტორი და კლუბის პრეზიდენტი დაუშვებენ. მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ამიტომ დემბელეს განცხადებას არ შევაფასებ“.
ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე შეცვალა, პარიზელთა ერთადერთი გოლი კი 72-ე წუთზე სწორედ დემბელემ გაიტანა.
ამრიგად, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ მესამედ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდს 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. პსჟ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.