„მეც არ ვიყავი სათანადო ფორმაში“ - შენგელია ნაკრებში გამოუძახებლობაზე
ლევან შენგელია საკმაოდ დიდი ხანია ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში არ გამოუძახებია, რაც იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის ფეხბურთელს „ოფიში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, ბევრისთვის გასაკვირია. ლევანისთვის განსაკუთრებით წარმატებული საბერძნეთის სუპერლიგის უკანასკნელი ტური გამოდგა, როდესაც კრეტის კლუბმა საკუთარ სტადიონზე „ლევადიაკოსი“ 3:2 სწორედ ქართველი ლეგიონერის მიერ გატანილი ბურთით დაამარცხა. შენგელიამ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თემებზე საინტერესოდ ისაუბრა.
ლევან შენგელია
„ოფიში“ ყოფნით კმაყოფილი ვარ. საბერძნეთის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით, ვითამაშეთ სუპერთასზეც და ორივე შემთხვევაში გადამწყვეტ მატჩში „ოლიმპიაკოსმა“ გვაჯობა. წელს თასის ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე „პაოკი“ იქნება, იმედია გავიმარჯვებთ და „ოფის“ ტიტულით დავემშვიდობები. წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია და ყველაფერი მალე გადაწყდება, თუმცა ფაქტია, რომ კონტრაქტი ზაფხულში მისრულდება.
კონკრეტული მიზეზის დასახელება, რის გამოც ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებში ვერ ვხვდები, რა თქმა უნდა ყველას გაუჭირდება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ზაფხულიდან მოყოლებული არც მე ვიყავი სათანადო ფორმაში და შესაბამისად, სანიოლს ჩემი გამოძახების ბევრი მიზეზიც არ ჰქონდა. ვნახოთ, რა იქნება ახლა და მომავალში - თუ საჭირო ვიქნები, მე ნაკრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ.
ერთა ლიგის კენჭისყრას რაც შეეხება, სამივე რთული მეტოქეა, თუმცა იმედი მაქვს, რომ წინა გათამაშებაში მიღებული გამოცდილებიდან სათანადო დასკვნებს გავაკეთებთ და როგორც ტურნირის სტარტს, ასევე ფინიშს მაღალ დონეზე ჩავატარებთ. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები თუ არა, მჯერა, რომ ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ლევან შენგელიამ ყველა ტურნირზე გამართულ; 26 შეხვედრაში, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში 19 დაიწყო, 2 გოლი გაიტანა.