„თუ ყველა თავისთვის ითამაშებს, არაფერი გამოვა“ - დემბელეს მწვავე განცხადება
„რენთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უსმან დემბელემ გუნდის არასწორ მიდგომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა კლუბის ინტერესები უნდა დააყენონ.
რა თქვა დემბელემ:
„მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ. „რენმა“ კი ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, მეტი მონდომება უნდა ვაჩვენოთ. პირველ რიგში, თუ მოგება გვსურს, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ უნდა ვითამაშოთ. თუ ყველა თავისთვის იქნება, არაფერი გამოვა - ტიტულებს ვერ მოვიგებთ.
გასულ სეზონში კლუბს პირველ ადგილზე ვაყენებდით და მხოლოდ შემდეგ ვფიქრობდით საკუთარ თავებზე. ეს მიდგომა უნდა დავიბრუნოთ, განსაკუთრებით ასეთ მატჩებში. ვიცით, რომ სეზონის გადამწყვეტი ნაწილი იწყება, ამიტომ ცალკეულ ფეხბურთელებზე წინ კლუბის ინტერესები უნდა იდგეს“.
ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე შეცვალა, პარიზელთა ერთადერთი გოლი კი 72-ე წუთზე სწორედ დემბელემ გაიტანა.
ამრიგად, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ მესამედ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდს 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. პსჟ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.