„კარგი ინდივიდუალური მცდელობები ჰქონდა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „რენთან“ 1:3 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 60 წუთი გაატარა და მატჩი საგოლე მოქმედების გარეშე დაასრულა. მის თამაშს ფრანგული პრესა გამოეხმაურა.
Footmercato: „ქართველმა ფეხბურთელმა თავისი საფირმო მოძრაობებით პარი სენ-ჟერმენის შეტევებზე საკუთარი კვალი დატოვა. დაცვაში ჩადიოდა და საკუთარი ნახევრიდან თანაგუნდელებს ხარისხიანი პასებით ამარაგებდა. მის ერთ-ერთ გრძელ გადაცემას დეზირე დუეს მომენტი მოჰყვა, რომელმაც ვერ გაიტანა. ამის შემდეგ კვარას რამდენიმე შანსი მიეცა, მაგრამ ისეთივე გავლენა აღარ ჰქონია“.
90min: „აქტიური და შეუპოვარი. პირველ ნახევარში პარი სენ-ჟერმენის ყველაზე გამორჩეული შემტევი იყო, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან რამდენიმე საინტერესო რეიდი ჰქონდა და მისი ერთ-ერთი ჩაწოდება შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთს არასტაბილურად ეპყრობოდა. ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია დაცვაში აქტიურად იმუშაოს. მართალია, ნუნუ მენდეშთან ხშირად არ კომბინირებდა, მაგრამ როდესაც ეს ხდებოდა, სახიფათო იყო“.
Parisfans: „მომენტებში ცოცხალი და შთამაგონებელი იყო, მაგრამ პირველ ტაიმში განსხვავების შექმნა გაუჭირდა“.
Le Parisien: „მემარცხენე ნაგიდას წინააღმდეგ თავი კომფორტულად ვერ იგრძნო. ნაგიდა აიძულებდა, მოედნის ცენტრში შესულიყო და ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შემოგვთავაზა თამაში, რომელსაც მისგან ველოდით. ორი სახიფათო ჩაწოდება ჰქონდა და მენდეშთან კარგადაც გაითამაშა, თუმცა საერთო ჯამში ოდნავ უფერული იყო“.
Maxifoot: „ქართველ გარემარბს რამდენიმე კარგი რეიდი და ინდივიდუალური მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდში საჭირო სიზუსტის პოვნა უჭირდა. რენის დაცვა მჭიდროდ მეურვეობდა და ნაპოლის ექს-მოთამაშემ მეტოქის უკანახაზი ვერ გაარღვია“.
ამრიგად, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ მესამედ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდს 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. პსჟ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.