ვლადიმერ ვაისი: "რაც წარმოგვედგინა და რაც გვინდოდა ზუსტად ის ვითამაშეთ"
ლიტვის ნაკრებთან მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის თამაში შეაფასა.
ვლადიმირ ვაისი: "პირველ რიგში სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ამ შედეგს, ჩვენი მხირდან პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო. რაც წარმოგვედგინა და რაც გვინდოდა ზუსტად ის ვითამაშეთ. ვითამაშეთ ძალიან სწრაფად, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ ჯანო ანანიძის ტრავმის გამო. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ კიდევ გავიტანეთ ოთხი გოლი, მაგრამ მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან გვჭირდება.
ჩვენ ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია მაშინ როდესაც სრული პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით ვთამაშობთ. ეს იყო ის ურთიერთგაგება, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ტაიმს.
მეორე შეხვედრაში სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც მიიღებენ შანსს აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები ესტონეთის წინააღმდეგ. დღევანდელი თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარია რომ ასე სტაბილურად ვითამაშოთ. დღეს ჩვენ გახარებულები ვართ და ხვალიდან ვიწყებთ მზადებას ესტონეთთან შეხვედრისთვის".

ესტონეთთან მატჩში გუნდს ჯანო ანანიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებიან. მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელმა დღევანდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მეთერთმეტე წუთზე შეცვალეს. ჯანო ანანიძე სამედიცინო ჯგუფის დაკვირვების ქვეშ არის. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, საფეხბურთო კლუბ „გენტსა“ და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ ლიტვასთან მატჩში მიიღო მონაწილეობა და 25 მარტიდან კლუბთან ერთად გააგრძელებს ვარჯიშს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 27 მარტს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
ასევე, იხილეთ რეკორდული და ლამაზი გამარჯვება - საქართველომ ლიტვა უშანსოდ დატოვა.
გამოყენებულია gff.ge-ს მასალები.