პროექტის ნაწილი აღარაა | ტორინოდან საზონოვის წასვლა გარდაუვალია
საბა საზონოვი „ტორინოს“ სამომავლო გეგმების ნაწილი აღარაა. ტურინული პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი „გრანატას“ სეზონის ბოლოს დატოვებს და მანამდე სათამაშო დროც არ მიეცემა.
„ტორინოდან წასვლის კანდიდატებში პირველი საბა საზონოვია. „ხეტაფეში“ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ის ტორინოში დარჩა, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იყო. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სერიოზულ პროგრესს ვერ მიაღწია, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და შეეცდება, კარიერა სხვაგან გააგრძელოს“, – წერს Toronews-ი.
ცნობისთვის, საზონოვი „ტორინოში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და „გრანატამ“ მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. საბას ტურინულ კლუბში სათამაშო დრო არ ეძლეოდა და „ტორინოს“ მაისურით მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა. მას „გრანატასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი საბაზრო ღირებულება 1.3 მილიონი ევროა.
საინტერესოა, რომ ზაფხულში ის „ხეტაფეში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ბოლო წუთებში ჩაიშალა. რამდენიმე კვირის წინ „ტორინომ“ საზონოვი და ბირაგი „ფიორენტინას“ შესთავაზა, სანაცვლოდ კი ლუკა რანიერის დამატება სურდა, თუმცა „ვიოლასგან“ ბარტერზე უარი მიიღო.