კონტრაქტი გაახანგრძლივა | ტუხელი ინგლისში 2028 წლამდე რჩება
ტომას ტუხელმა და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ მიაღწიეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გერმანელი სპეციალისტი „სამი ლომის“ სათავეში 2028 წლამდე დარჩება და ნაკრებს ევრო 2028-ზეც გაწვრთნის. შესაბამისი ინფორმაცია ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შეთანხმებულები ვიყავით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვისაუბრებდით. შესანიშნავი 2025 წელი გვქონდა, ამიტომ დისკუსიებმა საგრძნობლად წაიწია წინ: ტომასს და მის გუნდს დარჩენა სურდათ, რაც ჩვენი სურვილიც იყო.
მუნდიალის შემდეგ ერთა ლიგის ტოპ მატჩები გველოდება, რისთვისაც სტაბილურობა დაგვჭირდება. ერთა ლიგის მნიშვნელობა იზრდება, ამიტომ გვსურს, ამ ტურნირზე მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ.
რატომ არ დაველოდეთ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას? მსოფლიო დონის მწვრთნელი გვყავს და გვქონდა შესაძლებლობა, ის კიდევ ერთი დიდი ტურნირისთვის შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბულინგემმა.
ცნობისთვის, ტუხელი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2024 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო და 1 წააგო.