უსმან დემბელე, მარკინიოსი
Aa
Aa

„ყველა პოზიციაზე ძლიერი გუნდია“ | მარკინიოსმა და დემბელემ არსენალზე ისაუბრეს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „არსენალს“ დაუპირისპირდება. პარიზელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უსმან დემბელემ და მარკინიოსმა უპასუხეს.

უსმან დემბელე

როგორ გრძნობს თავს ხვალინდელი მატჩის წინ: „პირველ რიგში, „არსენალი“ ძალიან კარგი გუნდია. პრემიერ ლიგა მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზა პირველ ადგილზე დაასრულეს. ძალიან კარგად ითამაშეს და დაიმსახურეს ის პოზიცია, რომელშიც ახლა არიან. „არსენალი“ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ყველა პოზიციაზე ძლიერები არიან, სტანდარტულებს ბრწყინვალედ იყენებენ და შეტევაში და დაცვაში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი შესანიშნავი სპეციალისტია და საოცარი სამუშაო გასწია. რთული სტარტი ჰქონდა, მაგრამ პრემიერ ლიგის მოგება და ფინალში გასვლა დაიმსახურა“.

ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლაზე: „შარშან ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ბედნიერები ვიყავით, თუმცა, როგორც აგვისტოში ვთქვი, ყველაფერი ნულიდან იწყება და გვინდა ტიტულების მოგება გავაგრძელოთ. ახალგაზრდა, ამბიციური გუნდი გვყავს და აქ არ გავჩერდებით. ხვალინდელი თამაშის მოგება უმნიშვნელოვანესია და ისტორიულიც იქნება. როგორც აღვნიშნე, კონცენტრირებული ვართ, ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვხვდებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კლუბისთვის ეს მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ“.

მენტალიტეტზე ფინალის წინ: „ბოლომდე კონცენტრირებული ვართ. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, საოცარი სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით, რომლებსაც ყოველთვის ტიტულების მოგება სურთ. მშვიდად ვართ და გვინდა ყველა ტურნირი მოვიგოთ. თუ ჩვენი მიზანია, რომ დიადი ფეხბურთელები ვიყოთ, ასეთი ტიტულები უნდა დავისაკუთროთ.“

მარკინიოსი

ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების სურვილზე, რომელიც „არსენალს“ აქვს: „მოტივაცია უმნიშვნელოვანესია. შარშან ვთქვით, რომ ჩემპიონობა ძალიან გვინდოდა და ეს მოედანზე ვაჩვენეთ კიდეც. მიმდინარე სეზონშიც იგივე გავაკეთეთ. ვაპირებთ, ფინალში მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ, რადგან როგორც კი ჩემპიონთა ლიგის მოგების გემოს იგრძნობ, უდიდესი სურვილი გაქვს, ეს მიღწევა გაიმეორო. ახლაც მახსოვს, ფინალის შემდეგ რა ემოციები დამეუფლა და გასახდელში რა ხდებოდა. კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები ვართ და გვინდა ეს ემოციები ხელახლა მივიღოთ. მოწყურებული და მოტივირებული უნდა ვიყოთ. ამბიციურები ვართ და ისე გვინდა ამ ტიტულის მოგება, როგორც შარშან გვინდოდა“.

„არსენალის“ სტანდარტულებსა და აუტებზე: „ამ კომპონენტებზე ვმუშაობთ. „არსენალის“ წინააღმდეგ ბოლო წლებში რამდენჯერმე ვითამაშეთ და ვიცით, მათი ძლიერი მხარეები რა არის. ვიცით, მათ წინააღმდეგ თამაში რა შეგრძნებაა. მათთან არასდროს იცი, რომელ ეპიზოდში რა მოხდება და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო — სტანდარტულებისას დაცვისთვის, შეტევისთვის და ა.შ. „ლივერპულის“, „ჩელსისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ რთული ეპიზოდები გვქონდა, მაგრამ გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხეთ. ადაპტაცია მოვახდინეთ და წინასწარ არ იცი, ფინალში გადამწყვეტი რა იქნება. ყველაფერს პატარა დეტალები გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 30 მაისს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარე გერმანიიდან | ჩიტაურმა 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მეკარე გერმანიიდან | ჩიტაურმა 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა