გილჯეს-ალექსანდერი უესტბრუკს გაუთანაბრდა - ვემბანიამას დაჯარიმებით დაემუქრნენ
არამხოლოდ დასავლეთ კონფერენციის ფინალური მატჩის, არამედ NBA-ს წლევანდელი სეზონის მთავარი ვარსკვლავები „ოკლაჰომასა“ და „სან ანტონიოს“ ლიდერები, შეი გილჯეს-ალექსანდერი და ვიქტორ ვემბანიამა არიან, რის გამოც როგორც ერთი, ასევე მეორე მათგანი პრესის ყურადღების ქვეშ იმყოფება. თბილისის დროით დღეს გამთენიისას გამართული სერიის რიგით მეხუთე მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე მათგანის თაობაზე საგულისხმო ინფორმაცია გავრცელდა.
მას შემდეგ, რაც „სპურსთან“ მოგებულ მატჩში გილჯეს-ალექსანდერმა საკუთარი წვლილი 32 ქულითა და 9 შედეგიანი პასით შეიტანა, რასელ უესტბრუკის საკლუბო რეკორდი გაიმეორა. რასელის მსგავსად, ახლა შეის ანგარიშზეც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ეტაპზე 24 ისეთი მატჩია, სადაც მინიმუმ 30 ქულა და 5 ასისტი მიითვალა. მესამე ადგილზე ამ მხრივ „ოკლაჰომას“ კალათბურთელებიდან კევინ დურანტია, რომლის აქტივშიც 14 მსგავსი თამაშია.
„თანდერთან“ მარცხით გაბრაზებული ვიქტორ ვემბანიამა კი, როგორც ჩანს ისეთ ცუდ ხასიათზე იმყოფებოდა, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს ჩაწერაზე უარი განუცხადა, რის გამოც NBA-ს ხელმძღვანელებისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო და უთხრეს, რომ თუ პროტოკოლით გათვალისწინებული კომენტარის გაკეთებაზე კიდევ ერთხელ იტყვის უარს, ფულად ჯარიმას ვერ გადაურჩება.
ცნობისათვის, დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას „ოკლაჰომა“ 3:2-ს იგებს. მომდევნო მატჩში, რომელიც თბილისის დროით 29 მაისს, 04:30 წუთზე დაიწყება, მასპინძელი ისევ „თანდერი“ იქნება და გამარჯვების შემთხვევაში სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს.