ტომას ტუხელი
Aa
Aa

რა სჭირდებათ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად - ტუხელის კომენტარი

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოსახვედრად ფეხბურთელებს შესაბამისი „სოციალური უნარები“ და პიროვნული თვისებები დასჭირდებათ.

ტუხელს ფინალური ეტაპის წინ მხოლოდ 2 ამხანაგური მატჩი აქვს (მარტში, ურუგვაისა და იაპონიის წინააღმდეგ) ჩასატარებელი, რის შემდეგაც მან ის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას, განასა და პანამას დაუპირისპირდება.

„ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტის შეცვლის შემდეგ არ შეშინებია ისეთი დიდი სახელების მიღმა დატოვება, როგორებიც ჯუდ ბელინგემი და ფილ ფოდენი არიან. ამავდროულად, მან ნაკრებში „ბრენტფორდის“ გამოცდილი ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი დააბრუნა.

როგორც ტუხელი ამბობს, მას სჭირდება ბალანსი და არა აუცილებლად მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები:

„როდესაც ვესაუბრები იმ მოთამაშეებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე უთამაშიათ, ყოველთვის ვხედავ, რომ გარდამტეხი მნიშვნელობა სწორ კავშირებსა და კომუნიკაციას ჰქონდა. წარმატებას მაშინ აღწევდნენ, როცა ფეხბურთელებს ჰქონდათ განცდა, რომ სწორი ჯგუფი იყო შეკრებილი და როცა ზუსტად იცოდნენ საკუთარი როლი, რატომ იყვნენ იქ და რას ელოდნენ მათგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები შევარჩიოთ არა მხოლოდ ტალანტის მიხედვით, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რა გვჭირდება კონკრეტული მოთამაშისგან. როგორია მისი სოციალური უნარები, არის თუ არა ის კარგი გუნდური მოთამაშე? შეუძლია თუ არა მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ მისი როლი მხოლოდ დამხმარეა? აი, რაზეა ახლა ჩვენი ფოკუსი მიმართული“.

ინგლისის ნაკრები 17 ივნისს, ტეხასში, ხორვატიის წინააღმდეგ დაიწყებს ასპარეზობას იმ ტურნირზე, რომელიც შესაძლოა მათთვის საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: რას ელით? ყოველ წელს ყველაფერს ვერ მოვიგებთ
ლუის ენრიკე: რას ელით? ყოველ წელს ყველაფერს ვერ მოვიგებთ