ფენომენალური ჯოკოვიჩი | ნოვაკმა სინერი 5-სეტიან თრილერში დაამარცხა
ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერი ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. ჩოგბურთის გულშემატკივრებმა საოცარი, ხუთსეტიანი თრილერი იხილეს, რომელიც „ნოლეს“ გამარჯვებით დასრულდა — 3:6, 6:3, 4:6, 6:4, 6:4.
სინერმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო და პირველ სეტში ზედიზედ სამი გეიმი მოიგო. ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა იტალიელმა მეტოქეს სეტში დაბრუნების შანსი არ მისცა. მეორე პარტია ნოვაკის უპირატესობით დაიწყო — სერბი 3:1 დაწინაურდა, რის შემდეგ გეიმშიც სინერს სამი ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთის გამოყენება ვერ მოახერხა და ანგარიში გათანაბრდა.
მესამე სეტში გადამწყვეტი მეათე გეიმი გამოდგა. 4:5-ზე ჯოკოვიჩი აწვდიდა, სინერი კი 40:0 დაწინაურდა. იანიკმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და სეტებში კვლავ წინ გავიდა. მეოთხე პარტია „ნოლემ“ ბრეიკით დაიწყო, ორი ბრეიკპოინტი მოიგერია და მატჩი მეხუთე სეტამდე მიიყვანა.
გადამწყვეტ სეტში ჩოგბურთელებმა პირველ ექვს გეიმში საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს — 3:3. შემდეგ სინერმა საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა ჯოკოვიჩის სერვისზე ისევ 40:0 და სამი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელთა გამოყენებაც ვერ შეძლო. ნოვაკმა საკუთარი ჩაწოდება მოიგო და საბოლოოდ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრაში ჯოკოვიჩმა 16 ბრეიკპოინტი გადაარჩინა (სინერს ჯამში 18 ბრეიკპოინტი ჰქონდა და მხოლოდ 2 გამოიყენა). მეტი ბრეიკპოინტი ნოვაკმა მხოლოდ ერთხელ — 2012 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარეის წინააღმდეგ — მოიგერია.
ჯოკოვიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, რომელიც ღია ტურის ეპოქაში ერთეულთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნოვაკი 38 წლისა და 241 დღისაა და ამ მაჩვენებლით კენ როუზუოლის რეკორდი გააუმჯობესა (37 წელი და 54 დღე).
გარდა ამისა, ნოვაკმა საკუთარი რეკორდიც განაახლა და დიდი სლემების ფინალში გასვლა უკვე 38-ჯერ შეძლო.