ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ტაბატაძე რეაბილიტაციას მალე დაიწყებს
ესპანური „კადისის“ ქართველმა შემტევმა, იური ტაბატაძემ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა.
კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და სარეაბილიტაციო პროცესს რამდენიმე კვირაში დაიწყებს.
რა წერია განცხადებაში:
ამ ხუთშაბათს, მადრიდში, იური ტაბატაძეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგისა და მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ, რომელიც ექიმმა მანუელ ლეიესმა ჩაატარა, გეგმის მიხედვით ჩაიარა. ქირურგიული ჩარევისას აღდგა დაზიანებული ადგილები, რომელთა დიაგნოზიც მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს უახლოეს კვირებში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძემ ტრავმა ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში, 18 იანვარას „ალბასეტეს“ წინააღმდეგ მიიღო. ქართველი შემტევი მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა და 70-ე წუთზე მიღებული დაზიანების გამო მთავარ მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ტაბატაძისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. ლა ლიგა 2-ში „კადისის“ მაისურით მან 18 შეხვედრის ჩატარება მოახერხა და 6 გოლიც გაიტანა.