„წინადადება გააუმჯობესეს“ | ბოლო ცნობები ტრაბზონსპორსა და ზურიკოზე
თურქული „ტრაბზონსპორი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შავიზღვისპირელებს საქართველოს ნაკრების შემტევის დამატება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ვინაიდან ამ დროისთვის „ტრაბზონსპორი“ ჩემპიონატის ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 2 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის საბრძოველად შეტევის გაძლიერება სურს.
თურქული მედიის ინფორმაციით, „ტრაბზონსპორმა“ „სენტ-ეტიენს“ გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა, თუმცა დავითაშვილი ერთადერთი სატრანსფერო სამიზნე არაა და თუ „მწვანეებთან“ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, ფატიჰ თეკეს გაწვრთნილი გუნდი სხვა ვარიანტებზე გადაერთვება. გამოცემა HT Spor-ი ასევე წერს, რომ თურქულმა კლუბმა ზურიკოსთანაც დაამყარა კონტაქტი.
HT Spor-ის ინფორმაციით, „სენტ-ეტიენი“ დავითაშვილის სანაცვლოდ 15-16 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა თურქული კლუბი ფასის დაწევას ცდილობს. რა თანხას იხდიდა „ტრაბზონსპორი“ ზურიკოს სანაცვლოდ პირველი შეთავაზების ფარგლებში, უცნობია, თუმცა მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია „ოლიმპიაკოსის“ წინანადებაზე, რომელიც დავითაშვილში 10.5 მილიონ ევროს და ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონ ევროს იხდიდა, რამაც „მწვანეები“ არ დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ ფრანგულმა Le10sport-მა დაწერა, რომ ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობასთან ისაუბრა და აცნობა, რომ მიმდინარე ზამთარში კლუბის დატოვებით დაინტერესებული არაა. შეიცვლის თუ არა კლუბს ქართველი ფეხბურთელი, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ქვეყნების უმეტესობაში 2 თებერვალს, თურქეთში კი 6 თებერვალს იხურება.