“ტრუბინს წინ წასვლა მე დავავალე“ - ჟოზე რეალის დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში მადრიდის რეალი ბენფიკას ესტუმრა და 2:4 დამარცხდა.
ჟოზე მოურინიომ ყოფილ კლუბს ნამდვილი მასტერ კლასი მოუწყო. მატჩის გმირი კი ლისაბონელთა მეკარე ანატოლი ტრუბინი გახდა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბლანკოსს გოლი გაუტანა და ამ გოლით ბენფიკა 24-ე ადგილზე გაიყვანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მოურინიო:
„ეს გამარჯვება ისტორიული და მნიშვნელოვანია - კიდევ უფრო მეტად პრესტიჟის თვალსაზრისით. ჩემს კარიერაში ხშირად ყოფილა მომენტები, როცა ბოლო წუთებში ვაგებდი ან ვიგებდი, თუმცა დღეს განსხვავებული შემთხვევა იყო.
ვიგებდით, მაგრამ დაფიქსირებული ანგარიში არ გვყოფნიდა. ასეთ დროს ყველაფერი უნდა შეცვალო, რისკზე წახვიდე და იბრძოლო. შესაძლებელი იყო, რომ 3:3 გამხდარიყო და გავვარდნილიყავით, მაგრამ არც 3:2 გვყოფნიდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვიცოდი 3:2 გვყოფნიდა, თუ არა. შემდეგ, როცა გავაანალიზე, რომ მე-4 გოლი გვჭირდებოდა ოტამენდი წინ გავუშვი, რადგან მეტი ცვლილების გაკეთება აღარ შემეძლო. როდესაც საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ტრუბინს მე ვუთხარი, რომ წინ წასულიყო.“
როგორც ცნობილი გახდა, ბენფიკა პლეი-აუტში ისევ მადრიდის რეალს ან ინტერს დაუპირისპირდება. ამაზე ჟოზემ განაცხადა:
„ორივე გუნდი ძალიან მიყვარს და დიდი ხანია, რაც არცერთ მათ სტადიონზე არ ვყოფილვარ. დღეს მეგობრების ნახვა ნამდვილი სიამოვნება იყო.“
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო კარიერის სხვადასხვა წლებში ინტერს და მადრიდის რეალს წვრთნიდა. ახლა კი ნებისმიერ შემთხვევაში კვლავ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.