ევროპის ლიგის 2 მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან
ევროპის ლიგის ფაზის ბოლო ტურში სასიამოვნო სიახლე გვხვდება. ორ მატჩს ქართველი არბიტრები მოემსახურებიან.
როგორც ცნობილი გახდა, ბაზელისა და პლზენის დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მისი დამხმარეები გიორგი ელიკაშვილი და ლევან ვარამიშვილი იქნებიან. მე-4 მსაჯად გიორგი ავაზაშვილი დაინიშნა.
მაკაბისა და ბოლონიას მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. გვერდითი მსაჯები კი დავით ახვლედიანი და გიორგი გაბისონია. მე-4 მსაჯად ბაქარ ბრეგაძე მოგვევლინება.
ცნობისთვის, ორივე მატჩი 29 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ კიკაჩეიშვილს და ყრუაშვილს უეფა-ში უკვე საკმაოდ ენდობიან და ევროპის ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე ხშირად მსაჯობენ.