„სპარინგივით იოლი იყო“ - უმარმა ბრძოლა ტრავმის გარეშე დაასრულა
უმარ ნურმაგომედოვმა 2025 წლის იანვარში მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ჩხუბში განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. თუ შემოდგომაზე დაღესტნელმა მებრძოლმა მარიო ბაუტისტას აჯობა, ამჯერად დეივისონ ფიგერედო დაამარცხა. უმარმა ორივე შემთხვევაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და მეტოქეთა დაფინიშება ვერ შეძლო, რის გამოც მას ბევრმა უსაყვედურა და კრიტიკოსებს ნურმაგომედოვმა ასეთი პასუხი გასცა:
„მოგება მოგებაა და არ აქვს მნიშვნელობა ამას როგორ სტილში გააკეთებ. რა თქმა უნდა, ფიგერედოს დაფინიშება მსურდა, მაგრამ ყოველთვის ძნელია ვადამდელი გამარჯვების მოპოვება ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელიც კონტაქტურ ბრძოლას გაურბის და ახლოს არ გეკარება. მთლიანობაში ყველაფერი ნორმალურად არის - ზედმეტი ენერგიის დახარჯვისა და ტრავმის მიღების გარეშე მოვიგე - ამაზე უფრო რთული ჩემთვის ბევრი სპარინგიც კი ყოფილა. თუმცა, დეივისონი გამოცდილი მებრძოლია და არავის ეგონოს, რომ ქუჩის ლაწირაკი დავამარცხე“.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვის ტიტულოვანმა ნათესავმა და მისმა მთავარმა მწვრთნელმა ხაბიბმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რათა უმარმა 2026 წელს სატიტულო ჩხუბი მიიღოს და ამ ყველაფერთან ეს სპორტსმენი საკმაოდ ახლოსაა.