ნდობა გამოუცხადეს - პოჩეტინო აშშ-ში რჩება
ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელთა ნაკრების გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი საშინაო მუნდიალზე 2002 წლის შედეგს გაიმეორებდა და მინიმუმ მეოთხედფინალში გავიდოდა, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა და „იანკები“ პლანეტის პირველობას მერვედფინალში ბელგიელებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ.
მიუხედავად ამისა, როგორც ირკვევა, ამერიკელები მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით კმაყოფილები არიან და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება. The Athletic-ის ცნობით, ყველა უმნიშვნელო დეტალზეც კი შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი ახალ კონტრაქტს, რომელიც 2030 წლამდე იქნება გათვლილი და მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც აშშ-ის ნაკრების მომზადება არგენტინელ მწვრთნელს დაევალება.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგად 1930 წელს დაკავებული მეოთხე ადგილი ითვლება, თუმცა მაშინ მონაწილეთა რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ ამ შედეგს ამერიკელებს დიდ მიღწევად არავინ უთვლის.